ახალი ამბებისამართალი

სააკაშვილი ხშირად ხელს აფარებდა დამნაშავეებს – ოქრუაშვილის ჩვენება გირგვლიანის საქმეზე

15 მაისი, 2017 • 8356
სააკაშვილი ხშირად ხელს აფარებდა დამნაშავეებს – ოქრუაშვილის ჩვენება გირგვლიანის საქმეზე

დღეს, 15 მაისს, სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის გუნდში იყო პოზიცია, რომ გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირები პატარკაციშვილის პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლნი იყვნენ.

მოსამართლის კითხვები ეხებოდა უშუალოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა ამ თემაზე იმდროინდელი ხელისუფლების შიგნით.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2005 წ. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ირაკლი ოქრუაშვილი და მიხეილ სააკაშვილი. 2005 წ. ფოტო: EPA / ზურაბ ქურციკიძე

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საკითხზე ყოფილი თანამდებობის პირებთან არაერთი შეხვედრა და საუბარი ჰქონდა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან. როგორც ოქრუაშვილი ამბობს, ყოფილ პრეზიდენტს თავდაპირველად ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, თუმცა 2-3 თვეში სააკაშვილის პოზიცია შეიცვალა და მაღალჩინოსნების დასჯას ეწინააღმდეგებოდა.

“სააკაშვილი ცდილობდა, გარკვეული პერიოდი ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა, მაგრამ მერე უკვე ისიც იმ პოზიციაზე იყო, რომ ეს იყო შემთხვევითობა, რაშიც ახალაიას და მერაბიშვილს ბრალი არ მიუძღვით. მერაბიშვილზე და სხვებზე ამბობდა, რომ ამ ტიპის ადამიანების დასჯა გუნდის და ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევსო. მთხოვდა კიდეც პატარკაციშვილთან დალაპარაკებას იმისთვის, რომ გირგვლიანის თემა მომეხსნა საინფორმაციო ბადიდან. სახელისუფლებო გუნდში აქტიური პოზიცია ეკავა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, გიგა ბოკერიას, რომ არ უნდა დასჯილიყო არც ახალაია და არც მერაბიშვილი,” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო საასმართლოში დაკითხვისას.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს, რომ სააკაშვილი ხშირ შემთხვევაში ხელს აფარებდა დამნაშავებს:

“ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული სახის ფიქციის ჩარჩოებით ციხეში იყვნენ, ითხოვდნენ გარკვეულ გარანტიებს და კომფორტს, როგორც მერაბიშვილისგან, ისე ახალაიასგან. ასეთი კომფორტის მიცემის შესაძლებლობა გარანტიის სახით ჰქონდა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ეს პირობა შეუსრულა დამნაშავეებს.”

ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის დედა. ფოტო: CC

ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის დედა. ფოტო: CC

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 2015 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პრეზინდეტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება, რომელშიც ჩართული არიან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ძმა დათა ახალაია. გირგვლიანის საქმეზე ბრალი ოთხივე მათგანს აქვს წარდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი