თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას 7 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ კუდ-ის ყოფილი უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში, დამამცირებელ ან არაადამიანური მოპყრობასა და სამსახურებრივი სიყალბეში ცნო დამნაშავედ.
პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 27 იანვარს თბილისში, კაფე-ბარ “შარდენბარში”, სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილისა და დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან.
გამოძიების ვერსიით, ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ოქროყანის სასაფლაოზე გაიტაცეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს.
სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 2015 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პრეზინდეტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება, რომელშიც ჩართული არიან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ძმა დათა ახალაია. გირგვლიანის საქმეზე ბრალი ოთხივე მათგანს აქვს წარდგენილი.