ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ დაიცავს გარემოს – პარტიების დაპირებები

7 ოქტომბერი, 2016 • 3154
ვინ დაიცავს გარემოს – პარტიების დაპირებები

გიგანტური ჰესები, ხეების ჭრა, ჰაერის დაბინძურება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც ყველაზე ხშირად იწვევს საქართველოში ბოლო პერიოდში გარემოსდამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს. როგორ აპირებენ საარჩევნო სუბიექტები ამ საკითხების დარეგულირებას იმ შემთხვევაში, თუ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებენ?

“ნეტგაზეთი”  გარემოს დაცვასთან დაკავშირებით რამდენიმე კვალიფიციური და არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებს გაეცნო.   ჩვენ ასევე ვთხოვეთ მათი პროგრამებისა და ხედვების შეფასებას გარემოს დაცვის სპეციალისტებს.

ვინ (არ) ეტყვის არას გიგანტურ ჰესებს

მსხვილი ინფრასტრუქტრული პროექტების განხორციელება, გიგანტური ჰესების მშენებლობა მუდმივად იწვევს გარემოსდამცველებისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის პროტესტს. ასეთი არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

უნდა აშენდეს თუ არა საქართველოში გიგანტური ჰესები? – რა გეგმები აქვთ ამ მხრივ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც 8 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება სურთ.

“ქართული ოცნების” 4-პუნქტიან სააჩევნო პროგრამაში გარემოს დაცვის შესახებ ქვეთავში ნათქვამია, რომ სივრცითი მოწყობისა და ქალაქების განვითარების გეგმებს ჩაუტარდებათ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება; იგეგმება ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემის დანერგვა, რომელიც განსაზღვრავს ზემოქმედების რისკების შემცველი საქმიანობის ჩამონათვალს.

ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური დანაკარგის კომპენსაციის მიზნით კი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა ამოქმედდება.

როგორც “მწვანეთა პარტიის” ლიდერი, ამჟამად პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-17 ნომერი, გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რისკების შეფასების განახლებული სისტემა იძლევა გარანტიას, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი დამტკიცებამდე უმკაცრეს შემოწმებას გაივლის. გაჩეჩილაძე ვერ აკონკრეტებს, ცვლილება მხოლოდ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხება, თუ უკვე არსებულ ან შეჩერებულ პროექტებს, მაგალითად, როგორებიცაა ამჟამად სვანეთში მიმდინარე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობები.

“დაველოდოთ კანონის შეფასების სისტემის ჩამოყალიბებას, მის ამოქმედებას და ეს მისცემს საზოგადოებას იმის გარანტიას, რომ საქართველოში ისეთი პროექტი, რომელიც გარემოს ზიანს მიაყენებს, ვერ ამოქმედდება,” – ამბობს გაჩეჩილაძე.

კრიტიკულად აფასებს პარტიის გეგმებს გარემოს დაცვის სპეციალისტი, CENN-ის ყოფილი ექსპერტი კახა ბახტაძე. ბახტაძეს ეს განცხადებები ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისაგან მიყენებული ზიანის წინასწარ განსაზღვრისა და კონტოლის მექანიზმების გამკაცრების შესახებ პოპულისტურად მიაჩნია, რადგან რეგულაციების დაწესება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით უკვე გათვალისწინებულია. საფრთხეების შესახებ ექსპერტების დასკვნაზე კი ხუდონისა და ნენსკრაჰესის პროექტების დაწყებამდეც საუბრობდნენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე გეგმაში უკვე უნდა მოხვედრილიყო რეგულაციების დაწესების შესაძლო დრო და შეფასების სისტემის მეთოდოლოგია.

“ეს არ არის პარტიის ინიციატივა. ეს არის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა შევასრულოთ. ყველა პარტია ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ჰესების მშენებლობას, თუ პროექტის დაწყებამდე შესაძლო საფრთხეები კარგად შეფასდება. არ არსებობს მკაცრი და მსუბუქი შეფასებები – არსებობს კონკრეტული შეფასების მეთოდოლოგია, რომელსაც გააჩნია სტრუქტურიზებული ფორმა. თუ გუნდმა ამ თემაზე იმსჯელა, ძნელი არ იქნებოდა კონკრეტული გეგმის მოყვანა,” – ამბობს ბახტაძე.

ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების საკითზე, მმართველი პარტიის მსგავსი პოზიცია აქვთ სხვა პარტიებსაც. მათი მოსაზრებები ამ კუთხით თითქმის ჰგავს ერთმანეთს – ისინი თანხმდებიან, რომ სფერო ახალ რეგულაციებს მოითხოვს და შესაბამისი დასკვნის გარეშე სამშნებელო პროექტების წამოწყება გაუმართლებელია.

აქცია ჭუბერში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი

აქცია ჭუბერში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

მაგალითად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროგრამაში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად გაჩენილი შესაძლო საფრთხეების შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა, როგორც ენმ-ს წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამბობს, “ნაციონალური მოძრაობა” ასევე არ გამორიცხავს განახლებული კონტროლის სისტემის დანერგვას სამშენებლო პროექტების მოწესრიგებისთვის.

ხოშტარიას მიაჩნია, რომ ეკონომიკური და სოციალური ფონის განვითარება თავად გააჩენს სწორი ეკოლოგიური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ისეთი პროექტები კი, როგორიცაა მძლავრი ჰესების მშენებლობა, სწორედ ეკონომიკური განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია:

“რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჰესების მშენებლობა ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისათვის არის აუცილებელი, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს გარემოს ხარჯზე. სადაც გაჩნდა პრობლემა, იქ აზრიანი კომუნიკაცია იყო საჭირო და არა უხეშად ამ ყველაფრის გაკეთება. ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირება არ გამორიცხავს მწვანეზე ზრუნვას. რაც უფრო გაძლიერდება ეკონომიკა, მით მეტი საშუალება გაჩნდება ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის,” – ამბობს ხოშტარია.

საფრთხეების ფართომასშტაბიანი ანალიზისა და სწორი შეფასების სისტემის დანერგვას ემხრობიან ირაკლი ალასანიას თანაგუნდელებიც. როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ იქამდე, სანამ საქართველოს განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას შეძლებს, პარტია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობების წინააღმდეგი ვერ იქნება:

“ყოველი ჰესის მშენებლობა რადიკალურად ცვლის რეგიონის ეკოსისტემას, ამიტომ არის აუცილებელი ნებისმიერი მშენებლობის პროექტის დაწყებამდე საფუძვლიანი შესწავლა, რა ზეგავლენას იქონიებს ის გარემოზე. იმავე ხუდონის მშენებლობის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ელემენტარული საფრთხეები. იმისათვის, რომ არ მოგვიცვას გაუაზრებელმა მშენებლობებმა, საკანონმდებლო დონეზე დიდი დრო უნდა დაეთმოს ცვლილებათა პაკეტის შემუშავებას.”

მაშრიჭალა - ადგილი, სადაც ნენსკრა ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

მაშრიჭალა – ადგილი, სადაც ნენსკრა ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

ეროვნული ფორუმი” განახლებადი ენერგიისა და არსებული ენერგომომარაგების ალტერნატიული სისტემის დანერგვას ემხრობა. როგორც პარტიის წევრი, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი აცხადებს, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ჰიდროელექტროსადურების მშენებლობების გადამოწმება იქნება. პარტია კონკრეტული პროექტების წინააღმდეგ არ გამოდის, თუმცა დასაბუთებულ ანგარიშს მოითხოვს მშენებლობების სოციალურ და ეკოლოგიურ ზეგავლენებზე.

შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, ჰესების მშენებლობის პროექტების ანალიზის შედეგად, თუ დადგინდება, რომ მოსალოდნელი მშენებლობები ეკოლოგიურ კატასტროფებს არ გამოიწვევს და მიღებული სარგებელი გადააჭარბებს ალტერნატიული გზით მიღებული ენერგიის მოცულობას, შესაძლოა პარტიამ მიმდინარე პროექტის დასრულებას მხარი დაუჭიროს.

ინვესტორებისა და სამშენებლო კომპანიების მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრეა “პატრიოტთა ალიანსი”. ალიანსის პროგრამაში გარემოს დაცვის საკითხების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვერ იპოვით.

პარტიის წევრი, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ქვეყნის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას არ ეწინააღმდეგება, გარემოზე მიმდგარი შესაძლო ზიანის დონესაც ითვალისწინებენ და ამიტომ სახელმწიფოს მკაცრი ჩართულობის მომხრე არიან:

“ჩვენ არ ვამბობთ, რომ მაგალითად, დიდი ჰესები არ უნდა შენდებოდეს, უბრალოდ, უკეთ უნდა განისაზღვროს გარემოზე მიმდგარი ზიანი. ასე სპონტანურად არ შეიძლება, რომ ეს პროცესები მიმდინარეობდეს,” – ამბობს თევდორაძე.

გარემოს დაცვის საკითხი ცალკეულ პუნქტად პროგრამაში არ შეუტანიათ პარტიას “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები”, თუმცა მათ NIMD-ის პროექტის კითხვებს უპასუხეს. სამშენებლო სექტორისათვის დაწესებული რეგულაციები და ქალაქგანვითარების პოლიტიკა პარტიის აზრითაც განახლებას საჭიროებს. პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე საარჩევნო რგოლში სწორედ ურბანული განვითარების კუთხით თვითმმართველობის უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს.

კახა ბახტაძის განცხადებით, გარემოსათვის საფრთხეს მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურები არ წარმოადგენს. გარემოზე ზემოქმედებს ყველანაირი საშუალება, იქნება ეს ქარის თუ მზის სადგურები, მათაც სჭირდება ცალკე მონიტორინგის სისტემა:

“რასაც პარტიები ამბობენ, ის მხოლოდ ინვესტორისათვის თავის მოწონების მცდელობად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ისინი არ დაფრთხნენ,” – ამბობს ბახტაძე.

“ტყე შეუნახე შვილებსა” – პარტიების დაპირებები

ტყის მოპოვებისა და მწვანე საფარის მართვის შესახებ პარტიების დაპირებები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებულ პროგრამებს იმეორებს. ტყის მოვლის შესახებაც განახლებული დოკუმენტი, რომლის შემუშავებას პარტიები ახლაც ჰპირდებიან ამომრჩეველს, უკვე არსებობს და ის დიდწილად მოიცავს საკითხებს, რომლებზეც ისინი წერენ. ბოლო ცვლილებები საქართველოს ტყის კოდექსი ამ წლის ივნისში შევიდა.

ყაზბეგის N24-ში გაჩეხილი საღი ხეები. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

ყაზბეგის N24-ში გაჩეხილი საღი ხეები. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

“ეს აცდენები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პროგრამული შეთავაზებები რომელიღაც სხვა გეგმებიდან არის ამოღებული. ასევე, “ქართული ოცნების” კოალიციაში შემავალი პარტიების პროგრამები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რადგან ძველი პროგრამებიდან მოაქვთ საკითხების დიდი ნაწილი. ეს მიანიშნებს, რომ პრობლემა პარტიებს არ შეუსწავლიათ,”- ამბობს გარემოსდამცველი.

პროგრამებში არაფერია ნათქვამი მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაზე და კონკრეტული ხეების მოჭრის შესახებ ლიცენზიების გაცემაზე. ძირითადად პარტიები მხოლოდ ტყეებში ხის მოპოვების შეზღუდვას გეგმავენ და ამბობენ, რომ სამომავლოდ იმსჯელებენ.

მაგალითად, “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის თანახმად, ტყის მდგრადი მართვის მიზნით იგეგმება ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის მექანიზმების შემუშავება, რისთვისაც შეიქმნება ახალი “ტყის კოდექსი”. ამავდროულად, სახელმწიფო თავად აპირებს მერქნულ რესურსზე მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი მიზნად ისახავენ “მწვანე ეკონომიკა” აწარმოონ. საქართველოში იგეგმება ალტერნატიული ენერგიის წყაროების (მზის, ქარის, ჰიდროენერგიები) განვითარება, რაც შეამცირებს მოსახლეობის მოთხოვნას ხის მასალაზე. ასევე, ენერგეტიკის სამინისტრო გააგრძელებს გაზიფიკაციის პროგრამას, რაც გია გაჩეჩილაძის თქმით, მინიმუმამდე დაიყვანს ტყის ჭრას.

“ქართული ოცნება” დედაქალაქის გამწვანების ახალ კონცეფციაზეც იწყებს მუშაობას, რომლის ერთ-ერთი ავტორიც გია გაჩეჩილაძე იქნება. მისი თქმით, კონცეფციის მიზანი ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების კოეფიციენტის 8-დან 11 კვ.მ-მდე გაზრდაა. პროგრამის თანახმად, გაგრძელდება ქარსაფარი ზოლების გაშენებაც.

ეროვნული ფორუმი” ასევე გამოდის ინიციატივით, რომ შემუშავდეს “საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის” დოკუმენტი, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. პარტიაში არ ეთანხმებიან მოქმედ რეგულაციებსა და ხე-ტყის ათვისების მეთოდებს, რომელიც მათი თქმით, მხოლოდ საფრთხის ქვეშ აყენებს მწვანე საფარს. ფორუმელებისათვის გაუგებარია ტყეების კატეგორიზაციის არსებული სისტემაც და პროგრამული შეთავაზების თანახმად, აპირებენ სატყეო ფონდის შესახებ ახალი ბაზა შექმნან.

მაგრამ კახა ბახტაძის თქმით, ფორუმმა, რომელიც ახალი სატყეო პოლიტიკის არსებობაზე ლაპარაკობს, თავად დაუჭირა მხარი დოკუმენტს, რომელიც 2014 წელს პარლამენტმა 3 მოსმენით მიიღო.

მწვანე საფარის შენარჩუნებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები არ აქვთ “ნაციონალური მოძრაობას” და “რესპუბლიკელებს”. მხოლოდ ზეპირსიტყვიერად საუბრობენ ტყის შენარჩუნების მნიშვნელობაზე “პარტიოტთა ალიანსშიც”.

"პარტიზანული მებაღეობის" აქცია-პერფორმანსის თბილისის მერიასთან. 27.08.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“პარტიზანული მებაღეობის” აქცია-პერფორმანსის თბილისის მერიასთან ხეების ჭრის წინააღმდეგ. 27.08.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“თავისუფალი დემოკრატები” სანერგე მეურნეობების დახმარებით გეგმავენ ტყეების განახლებას. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მოპოვების უფლება მხოლოდ “ეროვნულ სატყეო სააგენტოს” უნდა ჰქონდეს, რომელიც აკრძალავს ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემას და მოსახლეობას ხის მასალით თავად მოამარაგებს.

ინიციატივა, ბახტაძის აზრით, კორუფციის საშიშროებას გააჩენს. პარტიის პროგრამაში ის ვერ ხედავს დასაბუთებულ მსჯელობას, რატომ იქნება ტყის საფარის შენარჩუნებისათვის ეს უკეთესი.

როგორ შეამცირებენ პარტიები ჰაერის დაბინძურებას

WHO-ს ცნობით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში 8%-ით გაიზარდა მთელ მსოფლიოში. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისში ჰაერის ერთ კუბურ მეტრში Pm2.5-ის მაჩვენებელია 29, რაც დასაშვებ ნორმაზე 2-ჯერ მეტია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) კვლევის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა ამ მონაცემს არ ეთანხმებიან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

აქცია "გვასუნთქეთჰაერი და არა საწამლავი" პარლამენტთან/ 2.07.2016

აქცია “გვასუნთქეთჰაერი და არა საწამლავი” პარლამენტთან/ 2.07.2016 ფოტო: ნეტგაზეთი

ქართულ ოცნებაში” პირობას იძლევიან, რომ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად გაფართოვდება ჰიდროლოგიური და მატეოროლოგიური დაკვირვების ქსელი. გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. პარტია კვლავ ალტერნატიული ენერგიის ხარჯზე ატმოსფერულ ჰაერში გამონაბოლქვის 20%-მდე შემცირებასაც გეგმავს. საწყის ეტაპზე კი ავტომობილების ტექდათვალიერების აღდგენაზე მსჯელობასაც არ გამორიცხავენ.

თავისუფალი დემოკრატები” ასევე გეგმავენ ჰაერისა და წყლის მონიტორინგისათვის საშუალებების გაუმჯობესებას და სპეციალური ხელსაწყოების ქვეყნის მეტ წერტილში დამონტაჟებას. პარტია ემხრობა ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენას, ჰიბრიდული მანქანების იმპორტზე გადასახადის შემცირებას და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სააზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოდერნიზებას გეგმავს.

სხვა პარტიების მგავსად, “ფორუმშიც” მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული სადამკვირვებლო ქსელის გაფართოება, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია ხელმისაწვდომი. შორენა ბუხრაშვილის თქმით, პარტიას სურს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების შემცირების სტრატეგიის შემუშავება, რომლის მთავარი მიმართულებები ტექნიკურ დათვალიერებასა და ტრანსპორტის მოძრაობის ოპტიმიზაციასთან ერთად სატრანსპორტო მაგისტრალებზე საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედებაც იქნება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება და არსებული ავტოპარკის ჩანაცვლება ენმ-საც აუცილებლობად მიაჩნია, თუმცა ავტოტექდათვალიერების ამოქმედების შესახებ ინიციატივით გამოსვლას არ ჩქარობენ:

“ტექდათვალიერების აღდგენისათვის საჭიროა სწორი დროის შერჩევა. როდის იქნება ეკონომიკურად, სოციალურად მზად ქვეყანა ამისათვის? თუ ეს გამოიწვევს იმას, რომ ნახევარმა ქვეყანამ მანქანები უნდა გადაყარონ, ჩვენ მათ ვუქმნით სერიოზულ პრობლემას. ამ თვალსაზრისით მე პირადად ხისტი გადაწყვეტილების მომხრე არ ვარ. საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად გასაკეთებელია, უბრალოდ, აქ არის ეტაპები გასავლელი,” – ამბობს ელენე ხოშტარია.

პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო პროგრამაში ცალკე ჰაერის სისუფთავის დაცვის საკითხები გათვალისწინებული არაა, თუმცა გოჩა თევდორაძე აღნიშნავს, რომ პარტია ავტომობილების სავალდებული ტექდათვალიერების მომხრეა და ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის დასარეგულირებლად საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობას გეგმავს.

აქცია "გვასუნთქეთჰაერი და არა საწამლავი" პარლამენტთან/ 2.07.2016

აქცია “გვასუნთქეთ ჰაერი და არა საწამლავი” პარლამენტთან/ 2.07.2016 ფოტო: ნეტგაზეთი

კავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი სოფო ახობაძე მიესალმება პარტიებს ერთსულოვნებას ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს, აქედანვე განისაზღვროს, როგორ იმუშავებს ქსელი – ვინ იქნება პასუხისმგებელი მის სანდოობასა და გამჭვირვალეობაზე:

“რამდენად სანდო და ხელმისაწვდომი იქნება ეს ინფორმაცია? რადგან კარგად გახსოვთ, რამდენად სხვადასხვაგვარ მიდგომებზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და როგორია ეროვნული მონიტორინგის სისტემა – აცდენილია სტანდარტებს და არ მოდის შესაბამისობაში სხვა ქვეყნის მონაცემებთან. ამიტომ ჩვენ ვერ ვადარებთ ჩვენს მონაცემებს მსოფლიო შედეგებს,” – ამბობს ახობაძე.

ახობაძის თქმით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის შემცირების გარანტი მხოლოდ არეალის გაფართოება ან სატრანსპორტო სფეროში დაწესებული რეგულაციები ვერ გახდება. ჰაერის სისუფთავის დაცვა კომპლექსური პრობლემაა და ის ეკონომიკურ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაშიც უნდა განიხილებოდეს.

“რატომ არ საუბრობენ პარტიები დიდი საწარმოებისათვის სპეციალური კონტროლის დაწესებაზე ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით? მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბევრი ცხელი წერტილია ამ კუთხით. “ხეებს დავრგავთ და გავამრავლებთ”, არასდროს ყოფილა გამოსავალი,” – ამბობს ახობაძე.

სოფო ახობაძის აზრს იზიარებს ასევე კახა ბახტაძეც და ამბობს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ საკითხები პოლიტიკური პარტიების პროგრამებში საზოგადოებაში თემის აქტუალობიდან გამომდინარე მოხვდა და ამ შემთხვევაშიც კონკრეტული ხედვა არც ერთი სუბიექტის პროგრამაში არ ჩანს. სადამკვირვებლო არეალის გაფართოებაც უკვე დაწყებულია და არსებობს ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზების შესახებ დამოუკიდებელი კვლევითი პროექტები

“მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პარტიებმა არ იციან. მათ ინფორმაცია არ აქვთ, არ შეუსწავლიათ საკითხი და არც ის იციან, ზუსტად რა უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს. ეს არ ეხება მხოლოდ ატმოსფერული ჰაერის დაცვას, არამედ მთლიანად გარემოს დაცვის პროგრამა ზერელედაა შედგენილი,” – ამბობს ბახტაძე.

თუმცა გარემოსდამცველები იმედს იტოვებენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში დაბრკოლებები არ შეიქმნება და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში გარემოს დაცვის კუთხით რეგულაციები გამკაცრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი