ახალი ამბები

“გადაეცენ დამნაშავეები სასამართლოს” – საპროტესტო აქცია ხანუმ ჯეირანოვას დაღუპვიდან 2 წლის შემდეგ

17 სექტემბერი, 2016 • 1160
“გადაეცენ დამნაშავეები სასამართლოს” – საპროტესტო აქცია ხანუმ ჯეირანოვას დაღუპვიდან 2 წლის შემდეგ

2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 30 წლის ქალმა, ხანუმ ჯეირანოვამ, ქმრის ნათესავების მხრიდან ცემისა და შეურაცხყოფის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეს კვლავ იძიებენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ. დღეს, 17 სექტემბერს, სამოქალაქო აქტივისტები თბილისში, მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ და საქმის გამოძიების გაჭიანურება გააპროტესტეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი და ჯეირანოვას ოჯახის ადვოკატი, ბაია პატარაია ამბობს, რომ მოცემულ შემთხვევაში  საქმე გვაქვს როგორც გენდერულ, ასევე, ეთნიკურ დისკრიმინაციასთან და სწორედ ამ მოტივით სახელმწიფო მიზანმიმართულად აჭიანურებს გამოძიებას.

აქციის მონაწილეების შეფასებით, გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს, რადგან ბრალი ჯერჯერობით არავის აქვს წაყენებული. პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, დასრულდეს გამოძიება და დამნაშავეები სასამართლოს გადაეცნენ. 

“ეს იყო დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს მთელი სოფლის თვალწინ და ტელევიზიებმა დროულად დააფიქსირეს თვითმხილველები, თუმცა მთავარი პროკურატურა ამბობს, რომ საქმის საკმარისი მტკიცებულებები არ არის”, – ამბობს პატარაია და დასძენს, რომ თუკი გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება და დროულად არ დასრულდება, ისინი აუცილებლად მამართავენ სტრასბურგის სასამართლოს და სხვა საერთაშორისო ინსტანციებს

ხანუმ ჯეირანოვამ  2014 წლის 17 სექტემბერს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რასაც წინ უძღოდა მის მიმართ ქმრის ნათესავების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ხანუმ ჯეირანოვას საქმეს პროკურატურა დღემდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ და დაუსჯიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჯეირანოვას ქმარი,  აჯი გასანოვი, რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, რომლებმაც მისი განცხადებით, ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს,  საგარეჯოს სოფელ ლამბალოში ჩამოატარეს და სცემეს.  

აჯი გასანოვმა ერთ–ერთი მათგანი იარაღით ფეხში დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წლის 16 სექტემბერს კი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იგი შეიწყალა.

ჯეირანოვას მეუღლე, აჯი გასანოვი, ჯეირანოვას მამასთან ერთად აპირებდა დღეს აქციაზე მოსვლას, თუმცა, ბაია პატარაიას ცნობით, მათ სახლში მიაკითხა გამგებელმა ჟურნალისტებთან ერთად სასაუბროდ, რის გამოც მათ დაგეგმილი აქციის დროისათვის ვერ მოახერხეს თბილისში ჩამოსვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი