ახალი ამბები

ჰიჯაბი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ინდონეზიელი დიზაინერის ჩვენება

16 სექტემბერი, 2016 •
ჰიჯაბი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ინდონეზიელი დიზაინერის ჩვენება

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ისტორიაში პირველად პოდიუმზე ყველა მოდელი მუსლიმური სამოსითა და ჰიჯაბით გამოვიდა. დიზაინერი ანიეზა ჰასიბუანი გახდა პირველი ინდონეზიელი დიზაინერი, რომელმაც ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მოაწყო ჩვენება.

იმ დროს, როდესაც მუსლიმი ქალების სამოსზე ხშირად მსჯელობენ, BBC-ის ცნობით, უამრავი ადამიანი ინდონეზიელი დიზაინერის, ანიუსა ჰასიბუანის დღევანდელ შოუს ისტორიულ მოვლენად აფასებს – ჰიჯაბის ე.წ “მეინსტრიმში” შემოტანის აქტად. 30 წლის დამწყები დიზაინერი ჩვენების ბოლოს აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

 

BBC-ის ცნობით, ისლამური მოდა ახლა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა და ცნობილი ბრენდები ცდილობენ, ამით ფინანსური სარგებელი მიიღონ. “ეიჩ ენდ ემმა” (H&M) უკვე გამოაქვეყნა რეკლამა, სადაც ჰიჯაბში გამოწყობილი ქალია გამოსახული, “დოლჩე და გაბანამ” კი მდიდარი მუსლიმი მომხმარებლისათვის ჰიჯაბებისა და აბაიების გაყიდვა 2016 წლის დასაწყისში დაიწყო.

“ეიჩ ენდ ემის” (H&M) რეკლამა. ფოტო: H&M საფრანგეთი

“ეიჩ ენდ ემის” (H&M) სარეკლამო პოსტები. წყარო: H&M საფრანგეთი

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი ჰასიბუანს მუსლიმური სამოსის “მოდერნიზაციას” უწონებს, როგორც “ბიბისი” წერს, კონსერვატიული ჯგუფები ინდონეზიაში ამბობენ, რომ ასეთი ტანსაცმელი “საკმარისად მუსლიმური არ არის”.

“მუსლიმური კაბის არსი ის არის, რომ რაიმე ღირსეულად და მოკრძალებულად გეცვას. ქალებს უწევთ, ისეთი ტანისამოსი ეცვათ, რომ მამაკაცების ყურადღება არ მიიქციონ”, – ამბობს დოქტორი ევა ნისა, ვიქტორიის უნივრსიტეტის ისლამური სწავლებების პროფესორი, რომელიც 2007 წლიდან იკვლევს მუსლიმურ მოდას.

“ზოგიერთი ფიქრობს, რომ მუსლიმური სამოსი, რომელსაც დიზაინერები ქმნიან, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ასეთ რელიგიურ დოქტრინას, რადგან, როგორც ჩანს, ყურადღებას იპყრობს”, – დასძენს იგი. მისი თქმით, უფრო მეტი ახალგაზრდა მუსლიმი ქალისათვის ჰიჯაბი არა სიმბოლო ან განაცხადი, არამედ იდენტობის ნაწილია, – იდენტობისა, რომელსაც ისინი უფრო მეტად უსვამენ ხაზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი