ახალი ამბები

უსუფაშვილი: ბოლო ხანებში ბატონი ბიძინა ურთირთგამომრიცხავ განცხადებებს ხშირად აკეთებს

12 სექტემბერი, 2016 • 1257
უსუფაშვილი: ბოლო ხანებში ბატონი ბიძინა ურთირთგამომრიცხავ განცხადებებს ხშირად აკეთებს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ დღითიდღე უჭირს ბიძინა ივანიშვილის განცხადებებისა და პოზიციების გაგება. პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ურჩევს, ჩამოყალიბდეს და აირჩიოს: იყოს დამოუკიდებელი ექსპერტი, ან ერთი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი.

“აბა, რა გითხრათ? მე ძალიან ვწუხვარ, რომ თანდათან უფრო მიჭირს ბატონი ბიძინას განცხადებების და პოზიციების გააზრება/გაგება. დღითიდღე მეტ წინააღმდეგობებს ვხედავ მის საუბრებში. მე არა მგონია, რომ ეს ბატონი ბიძინას ბრალია. მგონია, რომ ეს იმ გზის ბრალია, რომელიც მან აირჩია; იგი ცდილობს ზეპარტიული პოზიციებიდან ერთ კონკრეტულ პარტიას დაუჭიროს მხარი. ერთი მხრივ, ცდილობს, იყოს ზეპარტიული ობიექტური ანალიტიკოსი ყველაფრის და ყველასი, მეორე მხრივ, იყოს ერთი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი. ეს გზა არის არასწორი და, მე მგონი, ეს გზა განაპირობებს იმას, რომ ბატონი ბიძინა ხშირად აკეთებს ურთირთგამომრიცხავ განცხადებებს ბოლო ხანებში,” – ამბობს უსუფაშვილი.

მისი თქმით, ივანიშვილის დღევანდლი განცხადება- უსუფაშვილს სკონსტიტუციო კომისიაში 4 წელი არაფერი გაუკეთებიაო- არ მოუსმენია და მხოლოდ წერილობით წაიკითხა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უჭირს ყოფილი პრემიერის განცხადების დაჯერება და დღეს საღამოს თვითონ აპირებს მოისმინოს ეს ჩანაწერი:

“ძალიან ხშირად რთულია გავერკვე, რას გულისხმობს. მაგალითად, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებული კომენტარებიდან ვიცი, რაც თქვა, მაგრამ აუცილებლად ამ საღამოს თავად მოვისმენ. რაც დაიწერა და წერილობით ვნახე, უბრალოდ, რთულია დავიჯერო, რომ ეს მან თქვა. მე დღეს მოვისმენ დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად ის ლაპარაკობს ამას.”

უსუფაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის თაობაზე, სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარში ბრიფინგს გამართავს:

“იმის თაობაზე, თუ ვინ რას აკეთებდა, ვინ თითს თითზე აკარებდა, ვინ არაფერს აკეთებდა, ვინ ითხოვდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ შორის, პრეზიდენტთან დაკავშირებით და ყველა სხვა საკითხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის კარგი, ეს არის ცუდი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის, როდესაც მისი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და პოლიტიკური ლიდერი, ბატონი ბიძინა ამ ორი საქმის ერთდროულად კეთების მცდელობაში ასეთ აუხსნელ განცხადებებს აკეთებს ხოლმე. შეუძლებელია იყო ზეპარტიული, ობიექტური და ყველასთან ყველაფერის ობიექტურად შემფასებელი და თან იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და მელაპარაკებოდე მის უალტერნატივობაზე, მის შეუცვლელობაზე და ა.შ. ეს გზა არის არასწორი და მე ვისურვებდი, ბატონი ბიძინა ჩამოყალიბდეს: ან იყოს ზეპარტიული ობიექტური ექსპერტი (უსუფაშვილიც შეაფასოს და ნებისმიერი სხვაც), ან ბრძანოს, რომ არის ისეთივე მხარდამჭერი “ქართული ოცნების”, როგორც ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა.”

ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში რეგიონალურ მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილს, როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია. ყოფილი პრემიერის თქმით, მას თავისუფალი დემოკრატები ურჩევნია რესპუბლიკელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი