ახალი ამბები

ყიფიანი ლაგაზიძის პარტიიდან წასვლას მხოლოდ საარჩევნო სიით უკმაყოფილებას უკავშირებს

9 სექტემბერი, 2016 • 1356
ყიფიანი ლაგაზიძის პარტიიდან წასვლას მხოლოდ საარჩევნო სიით უკმაყოფილებას უკავშირებს

პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისათვის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ყიფიანი პარტიიდან ხათუნა ლაგაზიძის წასვლის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლაგაზიძის გადაწყვეტილება მხოლოდ იმან განაპირობა, რომ პარტიის პროპორციულ სიაში ვერ მოხვდა. ყიფშიძე უარყოფს ლაგაზიძის ბრალდებებს და მისი გუნდის, “გირჩისა”, “ახალი მემარჯვებეებისა” და “ახალი საქართველოს” მიერ შეკრულ კოალიციაში დაპირისპირებას გამორიცხავს.

“ძალიან მარტივი პასუხია ამაზე, გუშინ გამოქვეყნდა საარჩევნო სიები და გუშინ აღმოჩნდა, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირებაა. ამისათვის ჰქონდა მას დრო გაეკეთებინა განცხადება, თუ რაიმე პროცესი არ მოსწონდა კოალიციის შიგნით.  ასე არ მოიქცა. ის იყო ჩართული სიის ფორმიების პროცესში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სია ყოფილიყო ორიენტირებული ახალ სახეებზე, პროფესიონალებზე, შედეგზე, ახალი სახეების პარლამენტში შეყვანაზე. იმ ადამიანების, რომლებიც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს განახორციელებენ და რეალობად აქცევენ იმ გეგმას, რაც პაატა ბურჭულაძის გუნდმა შეიმუშავა. არგუმენტი, რომ ვინმეს წასვლა დაუკავშირო გაერთიანებას, არის არასერიოზული. მისი წასვლის მიზეზი მხოლოდ უკავშირდება სიებს,” – ამბობს ირაკლი ყიფიანი.

საარჩევნო ბლოკმა პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის გუშინ საარჩევნო სია წარადგინა, რომელშიც არ არის ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც მისი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო. ლაგაზიძემ დღეს ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, რომ პარტია დატოვა და ამის მიზეზად ბურჭულაძის მხრიდან არაკეთილსინდისიერი გარიგებები დაასახელა. ხათუნა ლაგაზიძეს ნეტგაზეთი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე დეტალურად ესაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი