ნეტგაზეთი | ხათუნა ლაგაზიძე: პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტია ხათუნა ლაგაზიძე: პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტია – Netgazeti
RU | GE  

ხათუნა ლაგაზიძე: პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტია

საარჩევნო ბლოკმა პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის გუშინ საარჩევნო სია წარადგინა, რომელშიც არ არის ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც მისი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო. ლაგაზიძემ დღეს ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, რომ მან პარტია დატოვა და ამის მიზეზად ბურჭულაძის მხრიდან არაკეთილსინდისიერი გარიგებები დაასახელა. ხათუნა ლაგაზიძეს ნეტგაზეთი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე დეტალურად ესაუბრა:

ფაქტი არის ის, რომ პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტია, პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნებით, ფულზე გაყიდა პარტია, გაყიდა ხალხი, ვინც მის გვერდით იყო ამ თვეების განმავლობაში, გაყიდა საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც მას ენდობოდა და გაყიდა იდეა, რისთვისაც მოდიოდა.

ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება გაქვთ?

რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებელი არის ის საპარლამენტო სია, რომელიც მან დადო.

ვინ იყიდა ან ვის მიჰყიდა ეს პარტია?

როდესაც შედგა ეს გაერთიანება, ეს ბლოკი ე.წ. გირჩს, ვაშაძეს და პაატა ბურჭულაძეს შორის, მაშინ არგუმენტი ამის ერთადერთი იყო ის, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე იყო პარტია და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო, რომ ეს იყო იძულებითი გზა, რომელსაც პარტიის გადარჩენა შეეძლო.

ეს ასე ბატონმა პაატა ბურჭულაძემ განგიმარტათ გუნდის შიგნით?

დიახ. ოღონდ პარტიის გადარჩენაში მინიმუმ უნდა იგულისხმებოდეს ის, რომ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი იყოს პარტია სულ მცირე ნახევრით მაინც. ამ შემთხვევაში აქვს ხომ პარტიის გადარჩენაზე საუბარს აზრი?! პირველ 12 კაცში პარტიიდან მხოლოდ სამი ადამიანია მოხვედრილი. აქედან გამომდინარე თქვენ თავად იმსჯელეთ, ეს იყო პარტიის გადარჩენისკენ მიმართული ნაბიჯი, თუ ეს იყო პარტიის გაყიდვა. რა თქმა უნდა, ეს იყო ცალსახად პარტიის გაყიდვა. თან დააკვირდით იმას, რომ გირჩი ამ ბლოკში ცალკე სუბიექტად არ არის წარმოდგენილი. საუბარი იყო იმაზე, რომ გირჩი და პაატა ბურჭულაძის პარტია არჩევნების შემდეგ იქნება ერთი პარტია. ანუ ფაქტობრივად მან გაყიდა პარტია თავისი ადამიანებით და თავისი სახალხო მხარდაჭერით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის დღეს თავისი სახელითა და გვარით ცდილობს, რომ მთლიანად საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველი შეიყვანოს შეცდომაში და თვალში ნაცარი შეაყაროს იმიტომ, რომ საკუთარი სახელისა და გვარის უკან მას შეჰყავს სია, რომელიც უპირატესად დაკომპლექტებულია ნაციონალებიდან.

ანუ თქვენი ინფორმაციით, ამ ყიდვის მიღმა, როგორც თქვენ ამბობთ, დგას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი?

მე იმასთან დაკავშირებით, რაზეც ფაქტები არ მაქვს, ვერაფერს გეტყვით. მე შემიძლია გითხრათ, სიიდან გამომდინარე, რომ მან სია მიჰყიდა გირჩს და იმ ადამიანებს, ვინც გირჩს და ვაშაძეს აფინანსებს.

და გირჩს და ვაშაძეს, თქვენი ინფორმაციით, ვინ შეიძლება აფინანსებდეს? ამის რამდენიმე ვერსია არსებობს და მათ შორის ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი და თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

მე დღეს აღარა ვარ პოლიტიკოსი და ჩემს ძველ სტატუსს ვუბრუნდები, ამიტომ ვარაუდებით ვერ ვიმსჯელებ, მე შემიძლია გითხრათ, რატომ არ წამოვედი ამ დრომდე პარტიიდან. არ წამოვედი იმიტომ, რომ ფაქტი მინდოდა მჭეროდა ხელში, რომ არა გუნდმა გაყიდა პაატა ბურჭულაძე, როგორც ის აცხადებდა, არამედ პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი გუნდი. ამის დამადასტურებელი დოკუმენტია ის სია, რომელიც მან დადო.

თავად ბატონ ბურჭულაძეს, როგორ ფიქრობთ, რისთვის დასჭირდა პარტიის გაყიდვა?

როგორც ჩანს, პირადი სარგებელი ნახა. მე გეუბნებით, რომ პარტია აღარ არსებობს.

გუშინ ბატონმა გიორგი რუხაძემ გვითხრა, რომ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო სიაში. თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რომ პარტიის სხვა წევრებმა ამ სიაში ვერმოხვედრის გამო განაწყენებულებმა დატოვეს ის?

არა, “განაწყენებული” – ასეთ ინტერპრეტაციას ნუ მისცემთ, ძალიან გთხოვთ. ჩემი პროფესია ზოგადად არის ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების სისტემები, ანალიზი, რეკომნედაციები და ა.შ. მთელი ცხოვრება ვაკეთებდი იმას, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მეზრუნა. დღეს პაატა ბურჭულაძემ დადო სია, რომელიც ამ უსფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ამიტომ აქ განაწყენებაზე საუბარი არ არის. ბოლო წუთამდე ვცდილობდით, რომ გადაგვერჩინა პარტია, რომ სიაში მეტ-ნაკლებად ასახულიყო პარტიის ის რგოლი, რომელიც რეალურად განახლებისთვის მოდიოდა.

სიაზე საბოლოო გადაწყვეტილება როდის იქნა მიღებული და როდის დატოვეთ თქვენ პარტია?

საბოლოო გადაწყვეტილება მეცნობა მესიჯით 7 სექტემბერს, ღამის 11 საათზე.

და ამის შემდეგ მიიღეთ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება?

დიახ.

ბატონ პაატასთან აღარ გქონიათ კომუნიკაცია?

პაატა გახლავთ აშშ-ში. მე ვეცადე მასთან დაკავშირებას, მაგრამ მან კონტაქტი არ ისურვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მაია მეცხვარიშვილი, რედაქტორი 2010 [ოქტომბერი] -2017 [დეკემბერი] წლებში.