ახალი ამბები

ომბუდსმენი თბილისის კონსერვატორიაში დასაქმებულის დისკრიმინაციის ნიშნებზე საუბრობს

7 სექტემბერი, 2016 • 1390
ომბუდსმენი თბილისის კონსერვატორიაში დასაქმებულის დისკრიმინაციის ნიშნებზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, თბილისის კონსერვატორიამ ასაკის ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია მოახდინა.

საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეში სასამართლო მეგობრის მოსაზრება სასამართლოს წარუდგინა.

მოსარჩელის განცხადებით, 2013 წელს იგი უკანონოდ გაათავისუფლეს საეკლესიო მუსიკის მიმართულების/კათედრის ასისტენტ-პროფესორის პოზიციიდან. 2015 წელს ასისტენტ-პროფესორის პოზიციის დასაკავებლად კონსერვატორიაში ჩატარებულ კონკურსში კი მას არ მისცეს გამარჯვების საშუალება დისკრიმინაციული საფუძვლით. კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა.

დავის საგანს წარმოადგენს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და კონკურსის პირველ ეტაპზე კონკურსანტის მიერ საკონკურსო ბარიერის გადალახვის აღიარება; აკადემიური თანამდებობის (შტატის) ვაკანსიის აღდგენა საეკლესიო მუსიკის მიმართულებაზე; კონკურსის მეორე ეტაპის დანიშვნა; საკონკურსო კომისიის შეცვლა; მ. ს-ს მიმართ ასაკობრივი და პროფესიული დისკრიმინაციის აღიარება. სარჩელში აღნიშნულია, რომ დისკრიმინაციული დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსარჩელის ასაკია, რასაც ადასტურებს კონსერვატორიის რექტორის პასუხი მოსარჩელის წერილზე, რომელიც გაგზავნილია რექტორის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს არაერთხელ უმსჯელია და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

როგორც სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის წერილში წერია, რექტორის საპასუხო წერილის თანახმად, ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე ესაჭიროებათ ახალგაზრდა, აქტიური პიროვნება, მაგრამ, უპირველ ყოვლისა, პრაქტიკოსი მუსიკოსი და მკვლევარი. სწორედ ასეთად წარმოუდგება კათედრას ასისტენტ-პროფესორი, განსხვავებით ასოცირებული და სრული პროფესორებისგან, რომელთა პროფილი ამ მიმართულებით შეიძლება მნიშვნელოვნად არ იყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული. სტაჟს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ასოცირებული და სრული პროფესორის კონკურსზე, ასისტენტ- პროფესორის შემთხვევაში კი სწორედ საშემსრულებლო პრაქტიკაა (მის სამეცნიერო აქტივობასთან ერთად) წინა პლანზე. მით უმეტეს, რომ მიმართულებაზე დასაქმებულია ორი ასოცირებული პროფესორი, მათ გვერდით კი სწორედ ახალგაზრდა, უფრო პრაქტიკული (და ნაკლებად პედაგოგიური) გამოცდილების მქონე ასისტენტ-პროფესორი უნდა აბალანსებდეს თანამშრომლების ასაკს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და დასახული მიზნის არათანაზომიერია.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდი“ ნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფაქტები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ იგი რომელიმე აკრძალული ნიშნის საფუძველზე დაექვემდებარა განსხვავებულ მოპყრობას. მოპასუხე მხარეზე მტკიცების ტვირთის გადატანა კი გულისხმობს, რომ მოპასუხემ სახალხო დამცველს უნდა წარმოუდგინოს ისეთი ლეგიტიმური მიზანი, რომელიც წარმოადგენს განსხვავებული მოპყრობის ობიექტურ და გონივრულ გამართლებას.

სახალხო დამცველის აზრით, განხილული სამართლებრივი სტანდარტებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა წარმოშვას ვარაუდი, რომ მას შეეზღუდა სამუშაოზე ხელმისაწვდომობის უფლება მისი ასაკის გამო, რის შემდეგაც, თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ მისი გადაწყვეტილება არ იყო ასაკის ნიშნით დისკრიმინაციული საფუძვლით მოტივირებული და განპირობებული იყო ლეგიტიმური მიზნით, რომელიც ასაკის ნიშნის კრიტერიუმის დაწესების ობიექტურ და გონივრულ გამართლებას წარმოადგენს.
ომბუდსმენს მიაჩნია, რომ პოზიტიური ღონისძიებების შესახებ არსებული პრაქტიკის ანალიზიდან გამომდინარე, საქმის განმხილველმა სასამართლომ მნიშვნელოვანია დაიცვას ბალანსი არათანაბარ გარემოსა და პროპორციულობის პრინციპს შორის. კერძოდ, მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ პოზიტიური ღონისძიებები დაიშვება მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული ღონისძიებები არ არის უპირობო, აბსოლუტური და ემყარება ინდივიდუალური შეფასების ობიექტურ კრიტერიუმებს. შესაბამისად, თუ დამსაქმებელი დაამტკიცებს, რომ ასაკის კრიტერიუმის დაწესება განპირობებულია დასაქმების პოლიტიკით, ასევე უნდა დაასაბუთოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული საშუალება იყო ობიექტური და მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი