ახალი ამბები

გია ვოლსკი კახა კალაძეს იცავს

7 სექტემბერი, 2016 • 1647
გია ვოლსკი კახა კალაძეს იცავს

“ქართული ოცნების” ერთ–ერთ ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ იარაღის შეძენა–შენახვის ბრალდებით დაკავებულთა ოჯახის წევრები, რომლებიც კახა კალაძეს ადანაშაულებენ მათ დევნასა და იარაღის ჩადებაში, პოლიტიკურ თამაშს აყვნენ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებას, საქართველოს ვიცეპრემიერმა იძულებული გამხადა, რუსთავი 2–ის შესახებ დოკუმენტი გამომექვეყნებინაო, ვოლსკი უზნეობას და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას უწოდებს.

“საზოგადოებას პასუხები აინტერესებს და კითხვები დროულად არის ამასთან დაკავშირებით დასმული. ოქრუაშვილი რომ გამოვა და ვინმეს მიმართ ბრალდებებს წამოაყენებს, მით უმეტეს, რაღაც კონსპირაციული და არასახელმწიფოებრივი მოქმედებების გზით, მით უმეტეს, კახი კალაძეზე – წესიერ ახალგაზრდა კაცზე, რომელიც პროფესიონალურად უძღვება დარგს და უამრავი რამ გააკეთა ქვეყნისათვის და თითოეული ჩვენგანისათვის… ეს მისი [კალაძის] მოვალეობაც არის და არავინ არაფერი უნდა დააყვედროს. ის არის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ოქრუაშვილი ბრალდებას უყენებს, რომ არა კახი კალაძის ცუდი დამოკიდებულება მის მიმარ, რუსთავი 2–ის შესახებ დოკუმენტს არ გაასაჯაროებდა. ყველამ ყველანაირი დოკუმენტი ამოიღოს, ვისაც რამე დოკუმენტი გააჩნია. რასაც ოქრუაშვილი ამბობს, არა მარტო უზნეობაა, არამედ არაპროფესიონალური დამოკიდებულება და დაბალი პოლიტიკური გემოვნება. დაბალი პოლიტიკური განათლება, სტრატეგია და გეგმა ადამიანის, რომელიც ამბობს, რომ მას გადაუფორმეს რუსთავი 2. ოქრუაშვილისნაირებს სააკაშვილის დროს ცოტა ქონება გადაუფორმეს, ან მათ ცოტა ქონება გადააფორმეს ვიღაცაზე? ან  თვითონ დაპირისპირების არსი და საკითხის არსი არ მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც ქონება აიღეს და ვიღაცას გადაუფორმეს? კახი კალაძეზე შეტევა და მერე თქმა იმის, რომ თურმე გაბრაზდა, რადგან მისი თანაგუნდელი გაუშვეს, ეს არის, პრიმიტიულად რომ ვთქვათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ნუ შეხვალთ შეცდომაში,” – ამბობს ვოლსკი.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ კახა კალაძის მიმართ ბოლო დროს გაკეთბული ბრალდებები ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელოვნურად შექმნილი თემაა, რის გამოყენებასაც ცდილობენ დაკავებულების ოჯახის წევრები.

“ადამიანები ამბობენ, რომ იარაღი არ ჰქონიათ და დააკავეს. ნაციონალური მოძრაობა თუ რამეს ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კალაძის მიმართ მუდმივად ბრალდებებია. ეს არ არის კონსტანტა, რასაკვირველია. გარდა იმისა, როდესაც დაინახავს ადამიანი, რომ ამ მიმართულებით პოპულარულია თემაა და წამოწია რომელიღაც პოლიტიკურმა ჯგუფმა, იმეორებს ისიც. ჯერ ეს ერთი, რა შუაშია კალაძე? დაფიქრდა, შეკრიბა ჯგუფი და თქვა, რომ მოდით, ამ ადამიანებს იარაღი ჩავუდოთო… რატომ? აი, რა მიზეზია? ხვალ თქვენზე რომ თქვან, რომ ჭრის იმ ინფორმაციას, რომელიც არ უნდა, რომ საზოგადოებამ ნახოს და ამ დროს არ ჭრით. აი, რამოდენიმე კაცი ვიტყვით, მუდმივად თქვენზე მიდის საუბარი, რომ იწერთ ინფორმაციას და მერე არასწორად უშვებთ. რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ ვიტყვი, მერე ჩემს ახლობლებსაც ვათქმევინებ და თქვენ მუდმივად იმის მტკიცებაში იქნებით, რომ არ ჭრით არაფერს. ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელშიც ჩაებნენ ოჯახები,” – განაცხადა გია ვოლსკიმ 7 სექტემბერს გამართულ პრესკონგფერენციაზე.

იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ცოლი, თათა ჩინჩალაძე ამბობს, რომ კახა კალაძის დავალებით ფეიქრიშვილისგან მოითხოვდნენ, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებით ნოდარ ნიშნიანიძის დაკავებამდე მისი ოჯახის მიმართ დევნა და კონტროლი მიმდინარეობდა. დაკავებულთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ იარაღი მათ საცხოვრებელ ბინებში თავად სამართალდამცავებმა მიიტანეს.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2–ის საკითხზე დოკუმენტის გასაჯაროებას და იურიდიულ დავას არ აპირებდა, თუმცა კახა კალაძემ აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. ოქრუაშვილის თმით, ქართული ოცნების გენერალური მდივანი მასთან ურთიერთობაში ყველგან ჩასაფრებულია და ებრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი