ახალი ამბები

ოქრუაშვილი: კალაძემ იძულებული გამხადა, რომ რუსთავი 2–ზე დოკუმენტი გამომექვეყნებინა

6 სექტემბერი, 2016 • 1750
ოქრუაშვილი: კალაძემ იძულებული გამხადა, რომ რუსთავი 2–ზე დოკუმენტი გამომექვეყნებინა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ “რუსთავი 2″–ის საკითხზე დოკუმენტის გასაჯაროებას და იურიდიულ დავას არ აპირებდა, თუმცა კახა კალაძემ აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. ამის შესახებ ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში დღეს, 6 სექტემბერს, ისაუბრა.

ირაკლი ოქრუაშვილის თმით, ვიცეპრემიერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე მასთან ურთიერთობაში ყველგან ჩასაფრებულია და ებრძვის.

“მე არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროებას, არ ვაპირებდი რაიმე კომენტარის გაკეთებას, სანამ არ დამთავრდებოდა სასამართლო პროცესები. ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ, სამწუხაროდ, იძულებული გამხადეს. მე არ ვაპირებდი ამის გამომზეურებას არჩვენების შემდეგაც და ამ პერიოდის განმავლობაში. ვაპირებდი, რაღაც სხვა ტიპის ურთიერთობებით გამერკვია ეს პრობლემა, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა იძულებული გამხადა გადამედგა ეს ნაბიჯი. ეს პიროვნება არის ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელი ჩემთან ურთიერთბაში ყველგან ჩასაფრებულია და ფეხის დამდების პოზიციიდან მეკინკლავება და მებრძვის,” – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განმარტავს, თუ რა შუაშია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი იმ დოკუმენტების გასაჯაროებასთან, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის საკითხს ეხება. მისი თქმით, აღარ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას და გორში ბიზნესის დაწყება სურდა, თუმცა ამის შემდეგ დაიწყო კალაძესთან მისი დაპირისპირება:

“2013 წელს მე მინდოდა ბიზნესში, ენერგეტიკაში რაღაც პროექტის დაწყება – ქარის ტურბინების დამონტაჟება გორში. შესაბამისი წინადადებით მივმართე მას [კალაძეს] და სრული იგნორირება მივიღე. ის ხელმძღვანელობდა უშუალოდ ჩემი საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების პროცესს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოებში. კალაძე ხელმძღვანელობდა არჩევნებს მთლიანად გორში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას მივაღწიე, ეს გამარჯვება მომპარეს და წამაგებინეს. კალაძე ხელმძღვანელობდა გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე ჩემი თანაგუნდელის ილია მეტრეველის გადაყენების პროცესს. მან წინასწარვე იცოდა და იყო გზავნილი მისდამი, რომ თუ ისინი ამას გააკეთბდნენ, მე არ მექნებოდა სხვა გზა, თუ არა გუშინდელი ნაბიჯის გადადგმა. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მისი მხრიდან შეგნებულად გაკეთდა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სხვანაირად ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს.”

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, საკმაოდ კონსტრუქციული იყო “ქართულ ოცნებასთან”. ირაკლი ოქრუაშვილი არც დღეს თვლის, რომ მმართველ გუნდთან დაპირისპირებულია:

“საკმაოდ მკაფიო გზავნილები მქონდა, რომ მე არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროებას და არ ვაპირებდი მათ თამაშში შუაში ჩახტომას. მაგრამ, თუ ჩემს თანაგუნდელ ილია მეტრეველს გადააყენებდნენ, სხვა არჩევანი აღარ მექნებოდა. გუშინ, დილის 10 საათზე ილია მეტრეველი გადააყენეს და, შესაბამისად, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს. არ ვაპირებდი ამ საკითხზე იურიდიული პროცესების დაწყებას, მაგრამ ახლა მომიწევს.”

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ “რუსთავი 2″–ის წილი არასდროს ეკუთვნოდა ქიბარ ხალვაშს და რეალურად მფლობელი თავად იყო, რის გამოც სამართლებრივი დავის წარმოებას აპირებს. ხუთპუნქტიანი დოკუმენტი, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, იმავე დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–მა საჯარო გახადა.

ქიბარ ხალვაში, რომელსაც სასამართლო დავა აქვს რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებით, კატეგორიულად გამორიცხავს იმ დოკუმენტის ნამდვილობას, რომლის თანახმადაც, ხალვაში რუსთავი 2-ის ნომინალური მფლობელი იყო და სინამდვილეში წილები ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი