ახალი ამბები

ქიბარ ხალვაში ოქრუაშვილთან შეთანხმების დოკუმენტის ნამდვილობას გამორიცხავს

5 სექტემბერი, 2016 •
ქიბარ ხალვაში ოქრუაშვილთან შეთანხმების დოკუმენტის ნამდვილობას გამორიცხავს

ქიბარ ხალვაში, რომელსაც სასამართლო დავა აქვს რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებით, კატეგორიულად გამორიცხავს იმ დოკუმენტის ნამდვილობას, რომლის თანახმადაც, ხალვაში რუსთავი 2-ის ნომინალური მფლობელი იყო და სინამდვილეში წილები ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნოდა.

ამის შესახებ ნეტგაზეთს ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ განუცხადა.

“ეს არის გაყალბებული დოკუმენტი, რომელსაც არანაირი ზეგავლენის მოხდენა მიმდინარე დავაზე არ შეუძლია,”- განაცხადა პაატა სალიამ.

დოკუმენტი ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დადებული ხელშეკრულების შესახებ, რომელიც 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება, გუშინ, 4 სექტემბერს, რუსთავი 2-მა გახადა საჯარო.

დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ რუსთავი 2-ზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის. რუსთავი 2-ის განცხადებით, ეს დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაშის დავა რუსთავი 2-ის წინააღდმეგ სამართლებრივად აბსურდული და უსაფუძვლოა.

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე,”- ვკითხულობთ მეორე პუნქტში.

პაატა სალია ნეტგაზეთთან განმარტავს, თუ რატომ მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ყალბია:

“ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. ის ამბობს, რომ ასეთ რამეზე ხელი არასდროს არ მოუწერია. არც ყოფილა ამაზე საუბარი, არ ყოფილა ასეთი შეთანხმება და არ ყოფილა ამ საკიხებთან დაკავშირებით განხილვაც კი ირაკლი ოქრუაშვილთან. ეს მან გუშინ დამიდასტურა. საუბარი იყო იმაზე, თითქოს ამ დოკუმენტს ჩაუტარდა მრავალჯერადი ექსპერტიზა და დადასტურებულია, რომ ნამდვილია და ა.შ. ძალიან მაინტერესებს, როგორ ჩაატარეს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერების გარეშე. რას შეადარეს, რომელ ხელმოწერებს შეადარეს და ა.შ. ეს სიუჟეტი შეიქმნა ისევე, როგორც სხვა სიუჟეტები სასამართლო პროცესის წინ, რომ თითქოს სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ყოფილიყო ახალი მტკიცებულება,”- ამბობს პაატა სალია.

ადვოკატის მტკიცებით, დოკუმენტი ყალბი რომც არ იყოს, ეს მიმდინარე დავაზე გავლენას ვერ მოახდენს:

“ცალსახად გამოვრიცხავთ ამას, მაგრამ ნამდვილი რომ იყოს ეს დოკუმენტი, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას ამ სასამართლო პროცესზე? იქ არ წერია, რომ ეს წილები არ ეკუთვნის ხალვაშს. ან იქ არ წერია, რომ ყარამანიშვილებისაა და ასე შემდეგ. ეს დოკუმენტი ნამდვილიც რომ იყოს, ერთადერთი, რაც არის, ფულადი მოთხოვნა უჩნდება ირაკლი ორქუაშვილს ქიბარ ხალვაშის მიმართ. წილებზე პრეტენზია ვერ იქნება. იქ ცალსახად წერია, რომ თუ ამ პირობას დაარღვევს, მაშინ ის გადაიხდის ჯარიმას 7 მილიონის ოდენობით,”- განაცხადა პაატა სალიამ.

პაატა სალიას თქმით, ერთი წლის წინ, როდესაც დავას პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავდა, რუსთავი 2-ის ადვოკატები საუბრობდნენ ამ დოკუმენტის არსებობაზე და ოქრუაშვილის დაკითხვაც მოითხოვეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

“ოქრუაშვილის დაკითხვას კავშირი ვერ ექნებოდა კომპანიის მესაკუთრეობასთან იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში რეგისტრირებული მესაკუთრე იყო წილების, შესაბამისად, სხვა მესაკუთრე რეგისტრირებული არ ყოფილა. არც რაიმე დოკუმენტი არსებობს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ასე არ არის. ეს დოკუმენტი, თუ კარგად წავიკითხავთ შინაარს, მე ვფიქრობ, რომ შეუარაღებელი თავალითაც კარგად ჩანს, რომ არის ახლად შექმნილი დოკუმენტი. ქიბარ ხალვაში კატეორიულად გამორიცხავს და უარყოფს ასეთი შეთანხმების არსებობას,”- აღნიშნა სალიამ.


2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე. კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა რუსთავი 2-ის წილის 100-ვე პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო.

რუსთავი 2-მა საქმე სააპელაციო სასმართლოში გაასაჩივრა, თუმცა, 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა. უზენაესი სასამართლო კი რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით დღეს, 5 სექტემბერს იმსჯელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი