ახალი ამბები

რა შეიცვალა პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების რეიტინგებში

3 მაისი, 2012 •
რა შეიცვალა პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების რეიტინგებში

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საქართველოს ოფისში აცხადებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მედიარელიზს ვაშინგტონის ოფისი დაახლოებით ორ კვირაში გამოაქვეყნებს. მანამდე აღნიშნული ორგანიზაცია კვლევის შედეგებზე არანაირ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

IRI-ში ამ ეტაპზე გაურბიან კვლევის მეთოდოლოგიაზე დეტალური ინფორმაციის გაცემას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევა GALLUP-მა ჩაატარა, გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით სოფლებსა და ქალაქებში მოსახლეობა პირისპირ ინტერვიუს გზით. სხვა დეტალებზე კვლევასთან დაკავშრებით IRI-ის საქართველოს ოფისში არ საუბრობენ.

კვლევის შედეგები, რომელიც IRI-ის დაკვეთით ორგანიზაცია GALLUP-მა განახორციელა მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის გასაჯაროვდა, ხოლო აღნიშნულმა პარტიებმა კი ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებას მიაწოდეს.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, კვლევის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე – შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას? – 45%-მა “ნაციონალური მოძრაობა” დაასახელა, 15%-მა – “ქართული ოცნება”, 9%-მა – “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და 4%-მა – სხვა პარტიები.

ამავე ტელეკომპანიის ცნობით, ოპოზიციონერ ლიდერებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი, გამოკითხულთა 28%, გიორგი თარგამაძეს ენდობა და 21% – ბიძინა ივანიშვილს.

IRI-ის კვლევის შედეგების ნაწილი გამოაქვეყნა სააგენტო “ინტერპრესნიუსმაც”. IPN-ის ცნობით, შეკითხვაზე – შემდეგ კვირას რომ ტარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – 37% მხარს უჭერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვირტუალურ კანდიდატს, 19% – ბიძინა ივანიშვილს და 10% – გიორგი თარგამაძეს.

მმართველი პარტიისა და “ქრისტიან-დემოკრატებისთვის” IRI-ის კვლევის შედეგები მისაღებია, “ქართული ოცნება” კი აღნიშნული ორგანიზაციის, ისევე როგორც NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, არ ენდობა.

“ჩვენ ამ კვლევებს არ ვენდობით და არ მიგვინიჭებია მისთვის დიდი მნიშვნელობა”, – აცხადებს “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე.

NDI-ის მიერ თებერვალ-მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, შეკითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 47%-მა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაასახელა, ხოლო 10%-მა – “ქართული ოცნება”, 3%-მა კი – “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.

ამავე NDI-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე – ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? – გამოკითხულთა 29%-მა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვირტუალური კანდიდატი დაასახელა, 12%-მა– ბიძინა ივანიშვილი, ხოლო 5%-მა– გიორგი თარგამაძე.

ამ ორი კვლევის მონაცემებს თუ შევადარებთ, გამოდის, რომ ერთი თვის შუალედში 6%-ით გაიზარდა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” რეიტინგი, 5%-ით კი – “ქართული ოცნების” რეიტინგი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი შემცირდა 2%-ით.

რაც შეეხება ლიდერებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვირტუალური ლიდერის რეიტინგი გაზრდილია 8%-ით, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი– 7%-ით, ხოლო 5%-ით – გიორგი თარგამაძის.

მასალების გადაბეჭდვის წესი