ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები დემურ სტურუას საქმეზე: პოლიციელი კოლეგების მფარველობის იმედით მოქმედებდა

4 სექტემბერი, 2016 • 1294
თავისუფალი დემოკრატები დემურ სტურუას საქმეზე: პოლიციელი კოლეგების მფარველობის იმედით მოქმედებდა

პოლიციელის მხრიდან ზეწოლის შედეგად დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეს განცხადებით ეხმაურებიან “თავისუფალი დემოკრატები”, რომელშიც ეჭვს გამოთქვამენ, რომ ბრალდებული პოლიციელი მოქმედებდა თავისი კოლეგების მხარდაჭერისა და მფარველობის იმედით.

“იგი დღემდე წარმატებით ემალება მართლმსაჯულებას. სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე ამ პოლიციელსა და მის მფარველებს ეგონათ, რომ მათი უკანონო ქმედება საზოგადოებას შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგრამ დემურ სტურუას თვითმკვლელობამ მთელი ჩვენი საზოგადოება შეძრა. კიდევ ერთხელ გამომზეურდა სამართალდამცავ სისტემაში ფესვგადგმული სისასტიკე, კანონის აბუჩად აგდება და ადამიანის უფლებების ცინიკური ხელყოფა. დღეს კი ირკვევა, რომ დამნაშავემ და მისმა მფარველებმა ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა არ იკმარეს და გარდაცვლილის დედას ჯერ კიდევ შვილის დასაფლავებამდე შეუთვალეს, გაჩერებულიყო. დედის მიერ ამ უკანასკნელი ფაქტის პროკურატურისთვის შეტყობინების გამო პოლიციის შუამავლის როლის შემსრულებელი და დემურ სტურუას მეზობელი მთვრალი მიუვარდა მგლოვიარე დასა და დედას და დაუცველ ქალებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ვხედავთ დანაშაულის ჩადენა უკვე საზოგადოების თვალწინ გრძელდება უტიფრად”, – ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში.

თავისუფალი დემოკრატები მოუწოდებენ პრემიერ–მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა ღონე იხმარონ, რათა სამართალდამცავ სისტემაში აღმოფხვრან სისტემური დანაშაულის ნიშნები, დაიცვან სტურუების ოჯახი და ქმედითი ნაბიჯები გადადგან არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ბრალდებული პოლიციელი უკვე მეექვსე დღეა უშედეგოდ იძებნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი