ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საგარეო: ნალბანდიანმა ჯანელიძეს დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სომხეთის მხარდაჭერა

4 სექტემბერი, 2016 • 1188
საგარეო: ნალბანდიანმა ჯანელიძეს დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სომხეთის მხარდაჭერა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მის სომეხ კოლეგას, ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა 3 სექტემბერს ბრატისლავაში, სადაც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალი გაიმართა.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს, დაადასტურეს ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

“სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სომხეთის ურყევი მხარდაჭერა. ამასთან, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ გუშინ გაავრცელა სომხეთის სახელმწიფოს პოზიცია მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ცნობა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს შორის თითქოსდა გამართული შეხვედრის და, მით უმეტეს, საუბრის ან მოლაპარაკების შესახებ”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტეპანაკერტიდან გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან.

“რესპუბლიკის არსებობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მონაწილეობა მივიღეთ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბაკო სააკიანის საზეიმო მიღებაზე”, – წერს კან ტანია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი