ახალი ამბები

პროკურატურა: გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

2 სექტემბერი, 2016 • 1264
პროკურატურა: გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს მთავარი პროკურტურის ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კ. კ. დამნაშავედ  ცნო გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში  სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და  1501-ე მუხლის პირველი ნაწილით.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კ.კ. 2016 წლის 21 მარტს, დღის საათებში ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შეხვდა ნ.ჯ-ს და ქორწინება შესთავაზა, ხოლო მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ნ.ჯ-ს წინააღმდეგობა დაეძლია. კ.კ. მუქარით, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობით აიძულებდა ნ.ჯ-ს მასთან ქორწინებას. 2016 წლის 22 მარტს, ღამის საათებში, კ.კ-მ იძულებით მიიყვანა ნ. ჯ. ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი,” – აღნიშნულია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა კ.კ. 2016 წლის 11 აპრილს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს.  ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება).

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი