ახალი ამბები

აუდიტი: ვარშალომიძის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე რეაგირება ჩვენს კომპეტენციას სცდება

2 სექტემბერი, 2016 • 1781
აუდიტი: ვარშალომიძის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე რეაგირება ჩვენს კომპეტენციას სცდება

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ოფისის ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის მიერ ბათუმში ამომრჩეველთან ხელშეკრულების დადება შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს, თუმცა საკითხის შესწავლა აუდიტის სამსახურის კომპეტენციას სცდება, რადგან საუბარია დიდი რაოდენობით თანხაზე.

როგორც მთავარმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ, დღეს, 2 სექტემბერს, განაცხადა, ლევან ვარშალომიძის მიერ ხელშეკრულებების გაფორმების საკითხთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა გამოკითხა როგორც თავად ლევან ვარშალომიძე, ასევე ხელშეკრულების ხელმომწერი სხვა პირები. შედეგად, აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ეს შემთხვევა მათ კომპეტენციას არ განეკუთვნება, რადგან, ლაშა თორდიას განმარტებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის 342 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება შეზღუდულია, თუკი ნივთის ან მომსახურების ღირებულება აჭარბებს 100 ლარს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ვარშალომიძემ, არასამთავორობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” (TI) და აუდიტის სამსახურის ცნობით, ინდივიდუალური ხელშეკრულებები გააფორმა ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ხელშეკრულების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, რომ ბათუმში მრავალბინიან სახლებს ააშენებს და უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. ამის განხორციელებას „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებიდან 4 წლის მანძილზე გეგმავს.

“ჩვენს მანდატში შედის სანქციის გამოყენება მაშინ, როდესაც 100 ლარამდე არის მოსყიდვის ნიშნები. შესაბამისად, ამ ფორმატში ვხედავთ, რომ ყველა შემთხვევაში, არის ეს თუ არ არის მოსყიდვა, თანხა აღემატება იმ რაოდენობას (რადგან ბინებზეა საუბარი), რომელიც აუდიტის სამსახურს ავალდებულებს, რომ შემდგომი სანქცირება მოახდინოს, ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რაიმე ტიპის ღონისძიება განვახორციელოთ”, – აცხადებს ლევან თორდია.

მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ინფორმაციით, TI-მ მიმართა პოროკურატურას და ცესკოს: “იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ფაქტს “მოსყიდვის” კვალიფიკაციას მიანიჭებენ, ეს იქნება მათი გადასაწყვეტი”, – აცხადებს მთავარი აუდიტორი.

აუდიტის სამსახურის განცხადებას გამოეხმაურნენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”: ენმ-ის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღესვე განაცხადა, რომ “ლევან ვარშალომიძის დაპირება იყო და არის ის, რომ ჩვენი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშენდება სახლები სოციალურად დაუცველებისთვის.”

“ეს იქნება ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამა, ეს იქნება პროგრამა, რომელსაც განახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ამიტომ არანაირი მოსყიდვა ამაში არ არის. კანონის მიხედვით, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია განაცხადოს, როგორ გაანაწილებს ის არჩევნებში მოგების შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრებს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას და მათგან ამჟამად პასუხს ელოდება, დაიწყება თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი