ახალი ამბები

ხელისუფლება ჯვრის დემონტაჟს მოითხოვს

1 მაისი, 2012 • 1239
ხელისუფლება ჯვრის დემონტაჟს მოითხოვს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის მოსახლეობის მართლმადიდებელმა მრევლმა ეკლესიის მახლობლად არსებულ ტერიტორიაზე ჯვარი აღმართა. ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ამიტომ ზედამხედველობის სამსახური მიიჩნევს, რომ მრევლმა ჯვარი უკანონოდ, სხვის ტერიტორიაზე აღმართა და მათ ჯვრის დემონტაჟი მოსთხოვა. 

ჯვრის დემონტაჟისთვის მრევლს ზედამხედველობის სამსახურმა დღის ბოლომდე მისცა ვადა, მორწმუნეებმა კი ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა გააპროტესტეს:

„ეს ჯვარი ჩვენი მოთხოვნით აღიმართა. ტერიტორია მიტოვებულია და გავერანებული. მრევლი გავმრავლდით, არ გვყოფნის ტაძარი და გვინდა, რომ ეს ტერიტორია სახელმწიფომ ეკლესიას გადმოსცეს,“ – ამბობს მანანა ჯორბენაძე.

მრევლის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახური მათ სხვის ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრას ედავება:

„ჯვარი აღვმართეთ ორი დღის წინ. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ხალხი ლაპარაკობდა, უნდა გაიყიდოსო და რომ არ გაყიდონ და ვიღაც უცხოს არ მისცენ, ამიტომ აღვმართეთ ჯვარი. მამაოს ვუთხარით და კურთხევა მოგვცა, გამგეობა კი გვეუბნება – უკანონაო,“ – ამბობს ნუგზარ ლორთქიფანიძე. მისი განცხადებით, წინაპართა მიწაზე ჯვრის აღმართვას ნებართვა არ სჭირდება.

აჭარისწალზე არსებული ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეიმურაზი ჯვრის აღმართვაში მის თანამონაწილეობას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მრევლს კურთხევა მისცა:

„ჩემი ინიციატივით არ მომხდარა, ადგილობრივ მოსახლეობას აქვს ამის უფლება. როცა ტაძარს ვაშენებდით,  სახელმწიფოს არაერთხელ ვთხოვეთ მიწის გამოყოფა, მაგრამ ერთი მტკაველი მიწა ვერ გამონახეს, ეს ტაძარიც კერძო მიწაზე ავაგეთ, ამასაც საძირკველს უთხრის მდინარე. მალე ჰესების მშენებლობა დაიწყება და ეს ტერიტორია, როგორც ვიცით, დაიტბორება“.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მამა თეიმურაზი ამბობს:

„სამართლებრივი ფარგლები ჩვენი ეროვნული იდეოლოგიიდან გამომდინარეობს, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, საბუთი გაქვს თუ არა, ჩვენ არ ვართ არც ამერიკელები და არც ევროპელები, ქართველები ვართ და სამართლებრივად ჩვენ ვარსებობთ. მრევლთან არც გავდივარ, რომ არ დაბრალდეს ეკლესიას, ხალხს აბუნტებსო. მოსახლეობას უნდა, რომ ეს ტერიტორია გადმოეცეს ეკლესიას, რადგან სადაც ეკლესია შევიდა, ყველას ვპატრონობთ და ქართულ გენეტიკას ვაძლიერებთ“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე კი აცხადებს, რომ ყველა საკითხი კანონის ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს:

„ეს იყო თვითნებური მოქმედება სასულიერი პირების მხრიდან, რადგან უშუალოდ მამა თეიმურაზი ესწრებოდა ჯვრის აღმართვას. მას იქვე მოვუწოდე, რომ შეეწყვიტა თვითნებური მოქმედება. მან არსებულ კანონმდებლობას პატივი უნდა სცეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი