რუსთავის საქალაქო სასამართლოდან 31 აგვისტოს გაქცეულ ბრალდებულს, ოთარ ვარამაშვილის კვლავ ეძებენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, სასამართლო პროცესზე მიყვანილი დაკავებული მაშინ გაიქცა, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.
ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ საქმეზე როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, შეგვატყობინებდნენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ მომხდართან დაკაშირებით გამოძება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს “სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა ანდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია”.
სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულმა გაქცევა შემდეგ ვითარებაში მოახერხა:
“ბრალდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა,”- აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა განცხადება და ოთარ ვარამაშვილის ფოტო, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, გაქცეულის ნახვის შემთხვევში დაუკავშირდნენ ნომრებზე: 032 2 75 23 85, 577 28 25 19.