სამართალი

9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული აღკვეთის გარეშე გაათავისუფლეს

10 ივლისი, 2023 • 1794
9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული აღკვეთის გარეშე გაათავისუფლეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე გაათავისუფლა.

ბავშვის მამინაცვლის მამის მიმართ სასამართლომ არათუ პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოც არ გამოიყენა. საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება.

პროკურატურის ინფორმაციით, კაცი, რომელიც თავისი შვილის 9 წლის გერზე ფიზიკურად ძალადობდა 7 ივლისს დააკავეს.

უწყების თქმით, კაცს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ძალადობის შესახებ პირველად ორი დღის წინ სოციალურ ქსელში მეზობელმა დაწერა. ქალი იხსენებდა, რომ 9 წლის ბავშვს მამინაცვლის მამა თვითმხილველების თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდა.

„ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი, ესე იგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო, დარეკა პოლიციაში“, – წერდა ის და აცხადებდა, რომ ბავშვს თავდაპირველად ცრუ ჩვენება მიაცემინეს.

ქალი ასევე ამბობს, რომ ბავშვს სხვა ოჯახის წევრებიც ემუქრებოდნენ, „მეხვეწებოდა, შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი