ახალი ამბები

“პარტიზანების” პროტესტი და ნარმანია პროკურატურის ოფიციალური დასკვნის მოლოდინში

23 აგვისტო, 2016 • 1840
“პარტიზანების” პროტესტი და ნარმანია პროკურატურის ოფიციალური დასკვნის მოლოდინში

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, გადაიხედება თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი. დედაქალაქიის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნაზე პასუხად კი ნარმანია ამბობს, რომ “პროკურატურის ოფიციალურ დასკვნას” უნდა დაველოდოთ.

დავით ნარმანიას აზრით, ჯერ გამოკვლევა უნდა დასრულდეს და ამის საფუძველზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება [გათავისუფლების თაობაზე], რადგან წინასწარ ვარაუდებს ვერ დაეყრდნობა და ოფიციალური დასკვნა იქნება შემდგომი რეაგირების საფუძველი:

„სიამოვნებით მივიღებთ ყველა რაციონალურ მოსაზრებას და წინადადებას და ამაზე დაყრდნობით ამ [ხეების ჭრაზე გადაწყვეტილების მიღების] წესს დავხვეწავთ. როდესაც გარემოს დაცვის სტრატეგია გავაკეთეთ, თბილისის ისტორიაში პირველად, მაშინაც გვქონდა საუბარი და გარკვეული რეგულაციები შევცვალეთ, თუმცა ასე მწვავედ საკითხი არასდროს დამდგარა. ამიტომაც, ვფიქრობთ, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კიდევ გადავხედოთ არსებულ წესებს“, – განაცხადა დღეს, 23 აგვისტოს, დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა “პარტიზანმა მებაღემ”, ნატა ფერაძემ, 17 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი აცხადებს, რომ ყაზბეგის ქუჩაზე 68 ხიდან მხოლოდ 45 დაავადებული და ზეხმელი ხის მოჭრაზე გასცა ნებართვა. აქტივისტები კი ამბობენ, რომ მოჭრილია საღი ხეებიც. “პარტიზანული მებაღეობის” განცხადების საფუძველზე პროკურატურამ ყაზბეგის ქუჩაზე ხეების ჭრის საქმის გამოძიება დაიწყო.

20 აგვისტოს, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, თბილისში ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოცხადდა, – 10 დღის განმავლობაში ხეების ჭრა დროებით შეაჩერა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ნარმანიას გადაწყვეტილება საზოგადოების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესის და საკანონმდებლო ხარვეზების ერთობლივი განხილვის საჭიროებით იყო გამოწვეული.

გუშინ, 22 აგვისტოს, შიმშილობის მეშვიდე დღეს, ნატა ფერაძეს სისხლში გლუკოზის დონე შეუმცირდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. სასწრაფომ ფერაძე რესპუბლიკურ საავდმყოფოში გადაიყვანა. თუმცა “პარტიზანების” პროტესტი ამით არ დასრულებულა: მერიის შენობასთან შიმშილობას სხვა “პარტიზანი”, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი აგრძელებს. ეს უკვე პროტესტის უკიდურესი ფორმააო, თქვა ჯაყელმა. როგორც ის “ნეტგაზეთს” ეუბნება, არც წინა დღეებში და არც დღეს მერიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა მათთან სასაუბროდ. 

“პარტიზანების” მოთხოვნები ჯერჯერობით უცვლელია: თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადაყენება და სამსახურის სტრუქტურის შეცვლა.

ხვალ, 24 აგვისტოს, 15:00 საათზე თბილისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართება შეხვედრა, სადაც ყაზბეგის #22-ში ხეების მოჭრის ნებართვისა და “ქალაქის სხვა გარემოსდაცვით საკითხებს” განიხილავენ. მერიის ეკოლოგიის სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მოწვეული არიან, ერთი მხრივ, დავით ნარმანია, გამწვანების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, მეორე მხრივ – “პარტიზანი მებაღეები”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ენერგოეფექტურობის ქსელი, ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები, “სხვა ექსპერტული ორგანიზაციები” და ა.შ.

როგორც ნატა ფერაძე გვეუბნება, “პარტიზანი მებაღეები” ამჟამად გარემოსდაცვით ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივასთან” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად მუშაობენ ზუსტი მოთხოვნების ჩამოყალიბებაზე. ფერაძის ცნობით, მოთხოვნებს ისინი მერიაში ხვალინდელ შეხვედრამდე ჩამოაყალიბებენ. ამას გარდა, ნატა ფერაძემ “ნეტგაზეთს” ნარმანიას განცხადების პასუხად უთხრა, რომ პროტესტი გაგრძელდება: “მერია ვერ გვიკარნახებს დღის წესრიგს”, – ამბობს ფერაძე. პარტიზანი მებაღეების თქმით, თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი