ახალი ამბები

ზეწოლა, მუქარა, ფიზიკური დაპირისპირება და სხვა დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში – ISFED-ის ანგარიში

23 აგვისტო, 2016 • 1593
ზეწოლა, მუქარა, ფიზიკური დაპირისპირება და სხვა დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში – ISFED-ის ანგარიში

“სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის თანახმად გამოვლინდა – ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვოს 3, არაუფლებამოსილო პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობოს 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის ცვლილების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი.

არასამთავრობო ორგანოზაცია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში [ანგარიში მოიცავს 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს] მოიმატა საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებმა. ISFED-ში აცხადებენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის აკრძალვის მიუხედავად, საარჩევნო სუბიექტები და მათი წარმომადგენლები ამომრჩეველთა ფულადი სახსრებით დაინტერესებას თუ საჩუქრების გადაცემას სხვადასხვა მეთოდებით ახერხებენ. საყურადღებოა, რომ სავარაუდო სამართალდამრღვევს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

“სამართალდამრღვევებს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ, რაც სახელწიფო ორგანოების მხრიდან მოსყიდვის ფაქტებზე არაეფექტურ და არადროულ რეაგირებაზე მიუთითებს,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

როგორც “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, სათანადოდ ამ დრომდე არ გამოძიებულა ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის 3 ფაქტი ბათუმსა და თელავში, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის შეხვედრებზე დასწრების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზების ტენდენცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. შემთხვევები ძირითადად დაფიქსირდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ სხვადასხვა ოლქში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს.

“მაგალითად, თელავში პარტიის წევრები სთხოვდნენ ბაღისა და სკოლის მასწავლებლებს თელავში წასვლას. ჩვენი ინფორმაციით, სკოლის დირექტორებს ჰქონდათ დავალება, რომ შეხვედრაზე მიეყვანათ 5 პედაგოგი და ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავდა მმართველი პარტია,” – აცხადებს ბენიძე.

ასევე, ორგანიზაციის კველვის თანახმად, აქტიურად იცვლება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები.

“ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ამოქმედება ძირითადად საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა. აღნიშნული ფაქტები საარჩევნო კოდექსის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ქმნის საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეს.” – აცხადებენ ISFED-ში.

სამართლიანმა არჩევნებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს, ცესკოს, საარჩევნო სუბიექტებს და უწყებათაშორის კომისიას რეკომემდაციებით მიმართავს გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.  ორგანიზაცია უწყებათაშორის კომისიას სთხოვს შეისწავლოს ანგარიშში მოყვანილი ფაქტები და მოახდინოს მათზე შესაბამისი რეაგირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი