დღეს “დემოკრატიული მოძრაობის” და “სახალხო კრების” წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და გუშინ 9 აპრილის მემორიალთან მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ.

“ჩვენი პრობლემა არ იყო გუშინ ის, რომ პოლიციამ დროებით შეგვაჩერა, ჩვენი მთავარი აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ პოლიციელების ზურგს უკან იდგნენ ზონდერ ბრიგადები, რომელთა მიზანიც აშკარად პროვოცირება იყო. ვის წარმოედგინა, რომ 9 აპრილს, მით უმეტეს, პატრიარქის თანდასწრებით ან ძიძგილაობას დაიწყებდა ვინმე, ან ხმამაღალ საუბარს? ეს შეიძლება წარმოიდგინოს მხოლოდ ისეთი კულტურის და აღზრდის მქონე ადამიანებმა, როგორებიც არიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენ მხოლოდ სანთლის ანთებას და ყვავილის დადებას ვაპირებდით. გუშინდელი ფაქტი იყო ამაზრზენი, როცა, ფაქტობრივად, პანაშვიდზე ხელისუფლებამ ხალხი თავისიანებად და სხვისიანებად დაყო”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დემოკრატიული მოძრაობის ერთ–ერთმა წევრმა, გია ბურჯანაძემ გუშინ მომხდარ ფაქტს ფაშიზმი უწოდა, მისი თქმით, “ის ადამიანი, ვინც სანთლის ანთების უფლებას არ გაძლევს, არ მოგცემს ხმის მიცემის უფლებას”.

“სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ირაკლი ბათიაშვილი თვლის, რომ ხელისუფლების აგრესია უსაფუძვლო არ არის:

“როცა ხელისუფლებას ვიღაცის მიმართ ასეთი აგრესია და შიში აქვს, ე.ი. რაღაცაშია საქმე. ეს ყველაფერი შეეხება გუშინ 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ ხალხსაც და არა მარტო “სახალხო კრების” წარმომადგენლებს. ამაზე ამაზრზენი და სამარცხვინო რა უნდა იყოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიუშვებენ 9 აპრილის მემორიალთან”. 

“დემოკრატიული მოძრაობის” და “სახალხო კრების” წარმომადგენლების განცხადებით, ისინი გუშინ დაღუპულებისადმი პატივის მისაგებად მემორიალთან მივიდნენ, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაუშვეს, რადგან იქ სამთავრობო ღონისძიება მიმდინარეობდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *