ახალი ამბები

ცესკომ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნებისთვის ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

22 აგვისტო, 2016 • 1193
ცესკომ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნებისთვის ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

საარჩევნო ადმინისტრაციის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. ღონისძიება დღეს, 22 აგვისტოს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.

დოკუმენტი მიზნად ისახავს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას.

კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

სამუშაო ჯფუფი ცესკოს ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას ინიციატივით 30 ივნისს შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როგორც ცესკოსა და სწავლების ცენტრის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, სამოქალაქო მოძრაობა – მრავალფეროვანი საქართველოს, არასამთავრობოთა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები.

ცესკოს თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მიერ პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვა მნიშვნლოვანი წინაპირობაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

2016 წლის არჩევნებისთვის დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას, იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი