ახალი ამბები

საპროტესტო აქცია ქობულეთში

9 აპრილი, 2012 • 1297
საპროტესტო აქცია ქობულეთში

დღეს ქობულეთში კომერციული ბანკების კრედიტორების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებსაც საკუთარი სახლებიდან გამოსახლება ემუქრებათ.

ნინო ჯაფარიძის ოჯახი ქობულეთში აღმაშენებლის #434-ში ექვსი ოთახისგან შემდგარ ორსართულიან სახლს ფლობს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჯაფარიძეები ბანკიდან აღებული კრედიტის დასაფარად სექტემბრისთვის 11 000 ლარს არ გადაიხდიან , აღნიშნულ სახლს დაკარგავენ.

ჯაფარიძეებმა სესხი – 16 ათასი ლარი, 2007 წელს აიღეს „პროკრედიტ ბანკიდან“ 17%–ანი საპროცენტო განაკვეთით.

„2008 წელს ომი იყო და ტურისტული სეზონი ჩავარდა. ბანკში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი შემთხვევა არ ითვლებოდა ფოსმაჟორად – თქვენს სახლს ხომ არ დაცემია ბომბიო. კრიზისი ქობულეთს ვითომ არ შეხებია. გადახდა დაგვაგვიანდა და დავა ბანკთან სასამართლოში გაგრძელდა,“ – ნინო ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ბანკმა მათი სესხის საპროცენტო განაკვეთი 17-დან 33%-მდე აწია, შესაბამისად, მკვეთრად გაიზარდა სესხის დასაფარი თანხის მოცულობა.

“ჩვენი მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ აწარმოოს მოლაპარაკებები ბანკებთან, რომ საპროცენტო განაკვეთი ისევ 17%-მდე დაიწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  სახლს დავკარგავთ. ჩემი მეზობლის სახლი ინტერნეტით იყიდა შვედეთის მოქალაქემ, ასე გაიყიდება ჩემიც და რვასულიანი ოჯახი ღა ცის ქვეშ უნდა დავრჩეთ,“ – ამბობს ნინო ჯაფარიძე.

ქობულეთში 271 ოჯახია, რომლებმაც 2007 წელს გამოიტანეს ბანკებოდან სესხები და აგვისტოს ომის შედეგად ჩავარდნილი სეზონის გამო თანხის დაბრუნება ვეღარ შეძლეს.

გასულ კვირას სააღსრულებო ბიურო  შეეცადა ბანკის კრედიტორი ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებას, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ოჯახმა ამ ეტაპზე სახლი შეინარჩუნა.

დღევანდელ აქციაზე ქობულეთში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ხვალ პარლამეტის სხდომაზე ქობულეთელების პრობლემის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი