ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნით ვეტერანთა დეპარტამენტის საქმიანობას აუდიტი შეისწავლის

22 აგვისტო, 2016 • 1815
თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნით ვეტერანთა დეპარტამენტის საქმიანობას აუდიტი შეისწავლის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ვეტერანთა დეპარტამენტის საქმიანობას არაგეგმურად შეისწავლის, თუმცა, როგორც პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დეპარტამენტში შესვლის ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი.

პარტიის წევრებმა, თამარ ამაშუკელმა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ მაჭავარიანმა აუდიტის სამსახურს მოუწოდეს, რომ ეს პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე არ გაიწელოს.

როგორც ვახტანგ მაჭავარიანი აცხადებს, პარტიისათვის ვეტერანული არასამთავრობოების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამოვლენილია არაერთი დარღვევა. მათ შორის: საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ფლანგვა და სამუშაო შტატების ზრდა. ამიტომ პარტიამ ოფიციალური წერილით მიმართა აუდიტის სამსახურს, რათა დაინტერებულიყო დეპარტამენტის საქმიანობით.

“ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც ასახულია ხარჯები, რომლებიც უნდა წასულიყო სამედიცინო კუთხით, ხდებოდა მათი არაკანონიერად კონკრეტული საავადმყოფოებისაკენ გადამისამართება. ასევე, გაირკვა და დანამდვილებით ვიცით, რომ სოფელი “გორგია”, რომელიც უნდა აშენებულიყო და რომელსაც ასე აპიარებდა წინა ხელმძღვანელი [ირაკლი შიხიაშვილი], მის აშენებაზე ჯერ კიდევ 2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უარი თქვა და გამოდის, რომ ამ დროის განმავლობაში გვატყუებდნენ,” – აცხადებს მაჭავარიანი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელმძღვანელის შეცვლით დეპარტამენტში მდგომარეობა არ გაიმჯობესებულა. 31 მარტს, პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე დაინიშნა. დეპარტამენტის ხელმძღვანლის თანამდებობას ირაკლი შიხიაშვილი იკავებდა. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ 29 მარტს განაცხადა

2014 წლის 10 იანვრიდან, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მიმართ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ვეტერანთა დეპარტამენტი გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და გახდა დამოუკიდებელი, სსიპ “ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური”.

მასალების გადაბეჭდვის წესი