ახალი ამბები

შავგულიძემ, გოგუაძემ და ბარამიძემ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს

20 აგვისტო, 2020 • 1846
შავგულიძემ, გოგუაძემ და ბარამიძემ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა, შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტია დატოვეს. ამის შესახებ შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

შავგულიძემ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატია მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის, განმარტა, რომ პარტიის დატოვების შემდეგ ინდივიდუალურად გააგრძელებენ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“.

შავგულიძემ ასევე განმარტა, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება „პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა“.

„ერთხმად ვუჭერდით მხარს „ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკის შექმნას და საპარლამენტო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას. ასევე შეთანხმებული ვიყავით საარჩევნო სიის საკითხებთან დაკავშირებითაც. სრულიად მოულოდნელად, დაახლოებით 1 თვის წინ, გამგეობის უმრავლესობამ შეცვალა პოზიცია პარტიის საარჩევნო სიის თაობაზე.

კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მეორე ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტან მჭედლიძე. მე არ დავეთანხმე ამ პოზიციას, ვინაიდან ვახტანგ მჭედლიძეს 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად დანიშვნის შემდეგ, მთელი 3 წლის მანძილზე არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია“, – ამბობს შავგულიძე და ამატებს, რომ ვეღარ იღებს პასუხიმსგებლობას პარტიის გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე.

ამავე ბრიფინგზე შავგულიძემ განაცხადა, რომ პარტიას მასთან ერთად ტოვებენ სხვა ლიდერებიც – ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძე. ასევე, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი –  გიორგი ქიტიაშვილი.

„პარტიიდან წასვლის შემდეგ ჩვენ ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“ და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას“, – ამბობს შავგულიძე.

დღესვე უნდა გაიმართოს „თავისუფალ დემოკრატებში“ დარჩენილი წევრების ბრიფინგიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი