ახალი ამბები

სამტრედიაში მიმდინარე აქციის დროს პოლიცია და აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

20 აგვისტო, 2016 • 2612
სამტრედიაში მიმდინარე აქციის დროს პოლიცია და აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სამტრედიაში გამართული აქციის – “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” მიმდინარეობისას პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის დასასრულისკენ სამტრედიის პოლიციის წინ შეკრებილი ადამიანები პოლიციის შენობის მიმართულებით შეტრიალდნენ და სკანდირებდნენ: “ძირს პოლიციური რეჟიმი”. როგორც “ნეტგაზეთის” რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, იმ პოლიცილებისგან, რომლებიც პოლიციის შენობის გარეთ იდგნენ და აქციას აკვირდებოდნენ, ერთი-ერთი მათგანი აქციის მონაწილეების მიმართულებით წამოვიდა და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო,

ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ამ დროისთვის [19:13] ვითარება სტაბილურია. აქციაზე არავინ დაუკავებიათ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

აქციის მონაწილეები სამტრედიის პოლიციის შენობის წინ 18:00 საათზე შეიკრიბნენ. მათ თან ჰქონდათ ორი დიდი ბანერი, რომელზეც ეწერა- “სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა” და “ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება”, აღნიშნულ ბანერზე, თავსა და ბოლოში #5 და #41 წერია, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომრები.

აქციის მონაწილეებმა  სტიკერებიც დაამზადეს, რომლებზეც ის წერილია დატანილი, რაც დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დედას დაუტოვა. ხოლო სტიკერები, რომლებზეც “ჩვენ მოვკალით დემურ სტურუა” წერია, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს მიაკრეს. მოგვიანებით ეს სტიკერები პოლიციელებმა ავტომობილებს აახიეს.

პოლიციელმა, რომელსაც დემურ სტურუა წერილში ასახელებს, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა. გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა აწარმოებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით]. როგორც სტურუა სიკვდილამდე დაწერილ წერილში წერს, პოლიციელმა იგი წაიყვანა სოფელ იანეთში, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა. დემურ სტურუას ოჯახის წევრები წერილში დასახელებული პოლიციელის დაკავებას მოითხოვენ.

14022163_1228518073866630_8336175347996605130_n

პოლიციელი და დემურ სტურუას დედა, სამტრედიის პოლიციის შენობის წინ გამართულ აქციაზე “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება”. 20.08.2016 ფოტო: თორნიკე შევარდნაძე

აქცია სამტრედიაში. ირმა დიმიტრაძის ფოტო

აქცია სამტრედიაში. ირმა დიმიტრაძის ფოტო

აქცია სამტრედიაში. ირმა დიმიტრაძის ფოტო

აქცია სამტრედიაში. ირმა დიმიტრაძის ფოტო

აქცია სამტრედიაში. ირმა დიმიტრაძის ფოტო

აქცია სამტრედიაში. ირმა დიმიტრაძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი