ახალი ამბები

“ჩვენ მოვკალით დემურ სტურუა”- სტიკერები პოლიციის მანქანებზე სამტრედიაში

20 აგვისტო, 2016 • 1827
“ჩვენ მოვკალით დემურ სტურუა”- სტიკერები პოლიციის მანქანებზე სამტრედიაში

“თეთრი ხმაური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიის პოლიციის შენობის წინ ამ წუთებში [18:24] მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილნი არიან, როგორც მოძრაობის წევრები და თბილისიდან ჩასული აქტივისტები, ისე ადგილობრივი მაცხოვრებლები და დემურ სტურუას ოჯახის წევრები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ორი დიდი ბანერი, რომლენზეც წერია- “სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა” და “ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება”. აღნიშნულ ბანერზე, თავსა და ბოლოში #5 და #41 წერია, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომრები.

14075105_1291501274201852_1167379562_o

აქცია “დემურს სტურუასათვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა ისევ გრძელდება”20.08.2016 ფოტო: ნათია ხარატიშვილი

აქციის მონაწილეებმა სტიკერებიც დაამზადეს, რომლებზეც ის წერილია დატანილი, რაც დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დედას დაუტოვა. ხოლო სტიკერები, რომლებზეც “ჩვენ მოვკალით დემურ სტურუა” წერია, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს მიაკრეს. მოგვიანებით ეს სტიკერები პოლიციელებმა ავტომობილებს აახიეს.

პოლიციელმა, რომელსაც დემურ სტურუა წერილში ასახელებს, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა. გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა აწარმოებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით]. როგორც სტურუა სიკვდილამდე დაწერილ წერილში წერს, პოლიციელმა იგი წაიყვანა სოფელ იანეთში, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა.

აქციაზე იმყოფება დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა, რომელიც წერილში ნახსენები პოლიციელის დასჯას ითხოვს.

აქციაზე მივიდა ზურაბ ჯაფარიძეც, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ადგილის დატოვება მოსთხოვეს იმ მოტივით, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი აღნიშნული აქცია არაა.

დღეს დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის წინაც გააპროტესტა. მათ მთავრობის კანცელარაში პრემიერ-მინისტრისა და ვიცეპრემიერის სახელზე განცხადებებიც დატოვეს.

14074435_1291540784197901_987374135_o

აქცია “დემურს სტურუასათვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა ისევ გრძელდება”20.08.2016 ფოტო: ნათია ხარატიშვილი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი