ახალი ამბები

რუსეთმა კიდევ 2 საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნია არასასურველად

19 აგვისტო, 2016 • 1677
რუსეთმა კიდევ 2 საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნია არასასურველად

რუსეთმა კიდევ ორი საერთაშორისო ორგანიზაცია – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი (MDIF), მიიჩნია “არასასურველად”.

რუსეთის პროკურატურამ 18 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი (MDIF) საფრთხეს უქმნის რუსეთის კონსტიტუციურ სისტემასა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე “არასასურველ უცხოურ ორგანიზაციებად” გამოაცხადა. პროკურატურის ცნობითვე, გადაწყვეტილება უკვე გაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს.

რუსეთის პროკურატურის ამ გადაწყვეტილებამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციებში. IRI, რომელსაც აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს, რუსეთის პროკურატურის საპასუხო  განცხადებაში წერს, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი ბევრს მეტყველებს პრეზიდენტ პუტინზე და ამტკიცებს, რომ მას დემოკრატიის ეშინია, – ეშინია, რომ მოქალაქეებს საკუთარი მომავლის შექმნის შესაძლებლობა გააჩნდეთ.

“MDIF ამაყობს იმ მხარდამჭერით, რაც რუსეთის წამყვან, ხარისხიან მედიაკომპანიებისთვის გაუწევია. ჩვენ უარვყოფთ, რომ MDIF რაიმე საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის კონსტიტუციური სისტემისათვის ან სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის. გვჯერა, რომ მედიასაშუალებები, რომლებიც უშიშრად აწვდიან ინფორმაციას თავიანთ აუდიტორიას, მნიშვნელოვანი ინტიტუციებია და საზოგადოებას აძლიერებს”, – განაცხადეს საინვესტიციო ფონდში. მათივე ცნობით, ფონდი მაღალი ხარისხის მიუკერძოებელ მედიას 20 წელზე მეტია აფინანსებს.

“ეს ნაბიჯი მიმართულია კიდევ ერთი უტყუარი შეტყობინების გამოსაგზავნად: რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია უნდა გაემიჯნონ უცხოელ დამფინანსებლებს, უცხოური დამფინანსებლებმა კი რუსეთისგან შორს უნდა დაიჭირონ თავი”, – თქვა სერგეი ნიკიტინმა, საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინთერნეიშენალის” რუსეთის წარმომადგენლობის დირექტორმა.

2015 წელს “რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების” კანონის მიღების შემდეგ 5 ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია დაამატეს “არასასურველი ორგანიზაციების” სიას:

  • ფონდი ღია საზოგადოება (ე.წ “სოროსის ფონდი”- OSF),
  • საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI),
  • OSI დახმარების ფონდი
  • აშშ-ისა და რუსეთის ფონდი ეკონომიკური წინსვლისა და კანონის უზენაესობისათვის (USRF)
  • ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED)

მასალების გადაბეჭდვის წესი