ახალი ამბებისამართალი

ენმ-ის საკონსტიტუციო სარჩელი “ცენტრისტების” გაუქმებაზე პარლამენტში შევიდა

19 აგვისტო, 2016 • 1471
ენმ-ის საკონსტიტუციო სარჩელი “ცენტრისტების” გაუქმებაზე პარლამენტში შევიდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მათი საკონსტიტუციო სარჩელი “ცენტრისტების” გაუქმებაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია პარტიამ 18 აგვისტოს გაავრცელა.

“საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ შესახებ, რომელსაც ხელს დეპუტატები აწერენ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში შევიდა. კანონის მიხედვით, ხელმომწერი დეპუტატების ხელმოწერების დადასტურების შემდეგ პარლამენტი საკონსტიტუციო სარჩელს თავად გადააგზავნის საკონსტიტუციო სასამართლოში”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია პარტია “ცენტრისტების”  საქმიანობის აკრძალვაზე პარტიის საზოგადოებრივი არხის ეთერით გადაცემული სარეკლამო ვიდეორგოლის შინაარსის გამო – ვიდეორგოლში პარტია ამომრჩეველს საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას და 400-ლარიან რუსულ პენსიას ჰპირდება.

პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ და არასამთავრობო სექტორმა ამგვარი დაპირებები ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხედ და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია.

საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს ლადო ბედუკაძის პარტიის ასაკრძალად პეტიციით მიმართეს.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ 14 აგვისტოს დეპუტატებს მოუწოდა, რომ შეუერთდნენ  მის ინიციატივას და საკონსტიტუციო სასამართლოს ლადო ბედუკაძის პარტიის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე მიმართონ. ამის შემდეგ იგივე განცხადება გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, შემდეგ კი- ნაციონალურმა მოძრაობამ.

თუმცა მას შემდეგ, რაც ცესკომ “ცენტრისტები” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ პარტია “ცენტრისტების”  წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს აღარ შეიტანს, რადგან პოლიტიკური გაერთიანება – “ცენტრისტები” საარჩევნო სუბიექტი აღარ არის.

სარჩელის შეტანა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა “ნაციონალური მოძრაობისთვის” და “რესპუბლიკური” პარტიისთვის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეს უკანასკნელი ნაციონალური წევრების მიერ შეტანილ სარჩელს აწერს თუ არა ხელს, რადგან მათ დეპუტატთა სათანადო რაოდენობა – 30 ხელმოწერა არა აქვთ.

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკურ გაერთიანება “ცენტრისტები” საარჩევნო რეგისტრაციიდან 16 აგისტოს მოხსნა.  საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამარ ჭვანიამ განაცხადა, რომ  ეს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც “ცენტრისტების” ხელმძღვანელი პირები ოფიციალურად არ იყვნენ დარეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი