ახალი ამბებისაზოგადოება

“ჩამოდით!” – საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

18 აგვისტო, 2016 • 1685
“ჩამოდით!” – საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

გარემოსდაცველმა აქტივისტებმა 18 აგვისტოს მეორედ გამართა აქცია თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრის გამო და თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის  უფროსის გადადგომა მოითხოვა.

აქციის მონაწილეები  თბილისის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან 19.00 საათზე შეიკრიბნენ და  მერიის შენობამდე ფეხით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

“ჩამოდით”, – სკანდირებდნენ ისინი და ასე მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებთან მისვლას თბილისის მერს და გამწვანების სამსახურის უფროსს, თუმცა ისინი აქციის მონაწილეებთან არ გამოჩენილან.

აქციაში მონაწილეობდნენ მოძრაობა “თბილისის ცენტრალური პარკის”, პარტიზანული მებაღეობის წევრები და სხვა გარემოსდამცველი აქტივისტები.

აქცია დასრულდა, თუმცა “პარტიზანული მებაღებობის” ერთ-ერთი წევრი ნატა ფერაძე ღამის გათენებას ამაღამაც მერიის შენობასთან გეგმავს – მან გუშინ შიმშილობა დაიწყო და წუხანდელი ღამეც მერიასთან გაატარა.

გარემოსდამცველების პროტესტი 17 აგვისტოს  ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრას მოჰყვა – პარტიზანი მებაღეები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი  აცხადებენ, რომ საბურთალოზე საღი ხეები მოჭრეს.

ისინი თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის გადადგომას ითხოვენ ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვის გამო.

ნინო სულხანიშვილმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ მერიამ ნებართვა დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრაზე გასცა და გადაწყვეტილების მიღებისას    “ფორესთ კონსალტინგის”დასკვნით იხელმძღვანელა.

თბილისის მერიამ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ  თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა  ყაზბეგის N 22-ში ხეების ჭრის პროცესი შეაჩერა, ვინაიდან მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა  და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს “ფორესთ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა.

მერიამ განაცხადა, რომ  მიიღეს გადაწყვეტილება საქმის მასალების საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი