ახალი ამბები

კიდევ ერთი თავდასხმა თურქეთში: 3 აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

18 აგვისტო, 2016 • 1912
კიდევ ერთი თავდასხმა თურქეთში: 3 აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ამჯერად ჰიზანში, ბიტლისის პროვინციაში, კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა – სამხედრო მანქანის აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში 18 და 19 აგვისტოს, სამი აფეთქების შედეგად, საერთო ჯამში, 10 ადამიანია დაღუპული, 300-ზე მეტი კი დაშავებული.

სამანქანო ბომბის აფეთქების შედეგად პოლიციის სამი ოფიცერი დაიღუპა თურქეთის ქალაქ ელაგიზში, 18 აგვისტოს დილას, თბილისის დროით 10:20 საათზე. თურქეთის პრემიერის, ბინალი ილდირიმის თქმით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 217 ადამიანი, მათ შორის 85 პოლიციელი იყო.  “როიტერსის” ცნობით, რამდენიმე საათით ადრე მსგავსმა აფეთქებამ იმავე რეგიონში, – ვანის პროვინციაში, კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, მაგრამ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ფიკრი ისიკმა საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” უთხრა, რომ თავდასხმების უკან ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მებრძოლები დგანან. თურქეთის პრემიერმა, ბინალი ილდირიმმაც განაცხადა, რომ ამ სამი აფეთქების უკან PKK დგას, – “ქურთისტანის მუშათა პარტია”, რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

როგორც სააგენტო “როიტერსი” წერს, 2015 წლიდან ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლები მრავალჯერ დაესხნენ თავს თურქეთის პოლიციისა და სამხედროების საგუშაგოებს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც უმეტესად ეთნიკური ქურთები ცხოვრობენ. თუმცა დღევანდელი თავდასხმების ერთ-ერთი ობიექტს, ქალაქ ელაგიზს, რომლის მცხოვრებლებიც ძირითადად მმართველი პარტიის, – “სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიის” (AKP) მხარდამჭერები არიან, ამ დრომდე თავს არ დასხმიან.

პოლიციის ორი ოფიცერი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა სამანქანო ბომბის აფეთქების შედეგად ოთხშაბათს, 17 აგვისტოს, ვანის პროვინციაში. აფეთქების შედეგად  73 ადამიანი დაშავდა. 

“ქურთისტანის მუშათა პარტია” 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა და 1984 წელს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქურთული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, – ისინი 15 მლნ-მდე ეთნიკური ქურთის ავტონომიისათვის იბრძვიან. წლების განმავლობაში ორ მხარეს შორის დაპირისპირებების შედეგად, როგორც BBC წერს, 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2013 წელს დაპირისპირება დროებით შეწყდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, თუმცა დაპირისპირება კვლავ განახლდა 2015 წლის ივლისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი