ახალი ამბები

“სახელმწიფო ხალხისათვის” – პასუხი პარტიის წევრების წასვლასა და ბრალდებებს

17 აგვისტო, 2016 • 1775
“სახელმწიფო ხალხისათვის” – პასუხი პარტიის წევრების წასვლასა და ბრალდებებს

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის” რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა. პარტიის უკვე ყოფილი წევრი, იოსებ ხიმშიაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი 2-თვიანი უხელფასობა და ბურჭულაძის პარტიის მხრიდან ენმ-სთან, გიორგი ვაშაძესთან და “გირჩთან” მოლაპარაკებები გახდა. დღეს, 17 აგვისტოს, 20:00 საათზე პაატა ბურჭულაძემ ვაშაძე-ჯაფარიძის ბლოკისაგან გაერთიანების შეთავაზება მიიღო.

იოსებ ხიმშიაშვილმა პარტიის დატოვების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ”ახალ საქართველოსთან”, ”გირჩთან” და ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომელსაც მისი მტკიცებით პარტია აწარმოებდა.

პარტიაში “სახელმწიფო ხალხისათვის”, მართალია, უარყოფენ ენმ-სთან, გიორგი ვაშაძის პარტია “ახალ საქართველოსთან” და “ახალ პოლიტიკურ ცენტრ გირჩთან” რაიმე სახის კონსულტაციებს, მაგრამ მომავალში სხვადასხვა პარტიასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ბურჭულაძის პარტიაში აღნიშნულ პარტიებთან მოლაპარაკებები უარყვეს, ბლოკის, “ვაშაძე-ჯაფარიძე — ახალი არჩევანის” პრესკონფერენციის შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მერაბ მეტრეველმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ “სახელმწიფო ხალხისათვის” იმსჯელებს ბლოკის შემოთავაზებაზე. 

17 აგვისტოს, 20:00 საათზე კი პოლიტიკური ბლოკის, “ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანის” ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანებისათვის: “პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გვაქვს გადაკვეთის წერტილები – სიღარიბის დაძლევა სწრაფად საქართველოში და სწრაფი ეკონომიკური განვითარება და საქართველოს პროდასავლური არჩევანი”, – განაცხადა დღეს ზურაბ ჯაფარიძემ. ასევე, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მისთვის ცნობილია გირჩის მხრიდან პროდასავლური კურსის მქონე პარტიებთან, მათ შორის, ბურჭულაძის პარტიასთან, მოლაპარაკებების შესახებ.

პარტიის დატოვების კიდევ ერთ მიზეზად იოსებ ხიმშიაშვილმა ფინანსური პრობლემებიც დაასახელა და თქვა, რომ 2 თვეა პარტიაში ხელფასები არ გაცემულა. როგორც “ნეტგაზეთს” ბურჭულაძის პარტიაში უთხრეს, ფინანსური პრობლემები პარტიაში ნამდვილად იყო, რადგან მათ შემოწირულობების წყაროები დაებლოკათ, თუმცა “პარტია ვალში არავისთან დარჩენილა”:

“არავის არ დაჰკარგვია ხელფასი, არავისთან ვალში არ დავრჩენილვართ. უბრალოდ, ძალიან ბევრი არხი – ფინანსური წყაროები, საიდანაც ხდება შემოწირულობების მიღება, დაკეტეს. დააშინეს სხვადასხვა ბიზნესმენები და ა.შ. ამის გამო. რაღაც პერიოდი გვქონდა რთული სიტუაცია, ეს რთული სიტუაცია გადავიტანეთ”, – გვითხრეს პრესსამსახურში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უახლესი მონაცემების თანახმად, პაატა ბურჭულაძის პარტიას 741 942 ლარი შესწირეს ივნისში. ამ მაჩვენებლით ისინი მეორე ადგილს იკავებდნენ “ქართული ოცნების” შემდეგ, რომელსაც 1 028 420 ლარი შესწირეს.

პარტიიდან წევრების წასვლას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ მეტრეველი ფინანსურ მხარდამჭერებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლის შედეგად მიიჩნევს: “ყველა [ფინანსური] არხის გადაკეტვა ვერ მოხერხდა, რადგან ვხედავთ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც არ მოექცნენ ფინანსური და ფიზიკური წნეხის ქვეშ …  ვწუხვართ, რომ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრს არ ეყო გამბედაობა და რწმენა, რომ სუს-ის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო”.

როგორც “სახელმწიფო ხალხისათვის” პრესსამსახურმა გვაცნობა, იოსებ ხიმშიაშვილის გარდა, დღეს პარტია დატოვა ბათუმის ახალგაზრდული მოძრაობის 15-მა წევრმაც. “ვერაფრით დავაკავშირებთ ისნის ოფისის წევრს და ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებს ერთმანეთთან გარდა იმისა, რომ ეს იყო წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება”, – გვითხრეს პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი