ნეტგაზეთი | “ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანი” პაატა ბურჭულაძეს გაერთიანებას სთავაზობს “ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანი” პაატა ბურჭულაძეს გაერთიანებას სთავაზობს – Netgazeti
RU | GE  

“ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანი” პაატა ბურჭულაძეს გაერთიანებას სთავაზობს

“გირჩის”, “მემარჯვენეების” და “ახალი საქართველოს” მიერ ჩამოყალიბებული ბლოკი “ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევენი” პაატა ბურჭულაძეს გაერთიანებას სთავაზობს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ, ზურა ჯაფარიძემ და მამუკა კაციტაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

“საქართველო იმსახურებს ახალ, უკეთეს არჩევანს, ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე, რომ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, ახლა ქვეყანას სჭირდება მაღალი რეპუტაციის და კომპეტენციის ადამიანები, ვისაც შეუძლია პასუხისმგებლობა იტვირთოს ქვეყნის მართვის სადაავეებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას საზოგადოებაში, მის რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მისი საქმიანობის დადებით შედეგებს მთლიანად საქართველოში. მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა რესურსი, რომ მის გარშემო გააერთიანოს პროდასავლური პოლიტიკური ძალები და მართლაც ერთიანი, პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება. ამიტომ ჩვენ მივმართავთ პაატა ბურჭულაძეს, გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, ის გამოცდილება და ენერგია, რომელიც  ჩვენს საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს აქვთ, გავაერთიანოთ მის ირგვლივ, მის თანაგუნდელებთან ერთად”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა აღნიშნულ შეთავაზებას პაატა ბურჭულაძე. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ მეტრეველი  “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ამ ვაშაძე-ჯაფარიძის ბლოკის ინიციატივას პარტიაში უახლოეს მომავალში განიხილავენ.

“ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა”, “ახალმა საქართველომ” და “ახალმა მემარჯვენეებმა” საარჩევნო ბლოკის შექმნის გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ მიიღეს და გაერთიანების შესახებ ოფიციალურად 2016 წლის 5 აგვისტოს განაცხადეს. საარჩევნო ბლოკის პრეზენტაციაზე ბლოკის ლიდერებმა არერთხელ აღნიშნეს, რომ გაერთიანების საფუძველი საერთო ღირებულებებია. პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად მაისში განაცხადა,  პოლიტიკაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბურჭულაძე “საქართველოს განვითარების ფონდის” პრეზიდენტობიდან გადადგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com