ახალი ამბები

უსუფაშვილი დემურ სტურუას გარდაცვალებაზე: ეს ალბათ ყველაზე მძიმე შემთხვევაა

17 აგვისტო, 2016 • 1457
უსუფაშვილი დემურ სტურუას გარდაცვალებაზე: ეს ალბათ ყველაზე მძიმე შემთხვევაა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დემურ სტურუას, სავარაუდოდ, პოლიციელის შანტაჟის გამო თვითმკვლელობა “ალბათ ყველაზე მძიმე შემთხვევაა”.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევის უპასუხოდ დატოვება და დამნაშავის არ და ვერდასჯა, ძალიან მძიმე იქნება ყველა მათგანისთვის, ვისაც პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება, ან ვინც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საქმის ბოლომდე გამოძიებაზე.

“მაწუხებს ის, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არის ისეთი გარემო, რომ მსგავსი ფაქტები შესაძლებელი ხდება და გარდა ამისა,  საზოგადოებას მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია, როცა მოისმინა, რომ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა მოქალაქესთან არაფორმალურ ზეწოლას თუ ურთიერთობას. ამის გამო არ გაჩენილა კითხვები, უი, ეს როგორ შეიძლება. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელი გვაქვს,” – ამბობს უსუფაშვილი.

12 აგვისტოს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში თავი მოიკლა . გარდაცვლილის წერილში საუბარია პოლიციელის მხრიდან ზეწოლაზე: “მემუქრებოდა გ.თ. მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არა მარიხუანა დათესილიო”. პოლიციელმა, რომელიც მას სავარაუდოდ დაემუქრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა.

13 აგვისტოს პრემიერ-მინსიტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ხელს არავის დააფარებს. კვირიკაშვილის განმარტებით, ის პირადად გააკონტროლებს გამოძიების მიმდინარეობას.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” შაბათს, 20 აგვისტოს, დემურ სტურუას თვითმკვლელობისა და ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად სამტრედიის პოლიციის შენობასთან აქციას გამართავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი