ახალი ამბები

ეროვნული ფორუმი დავით უსუფაშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერს

15 აგვისტო, 2016 • 1565
ეროვნული ფორუმი დავით უსუფაშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრი, ანი მიროტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ფორუმი შეუერთდება დავით უსუფაშვილის ინიციატივას, კონსტიტუციაში ჩაიწეროს საქართვეოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ.

მიროტაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შენიშვნები ან დამატებითი გარემოებები იქნება, ამაზე ფრაქცია იმსჯელებს, თუმცა იდეას ეთანხმებიან.

“საქართველოსთვის ერთადერთი არჩევანი არის ევროპული არჩევანი, ვინაიდან ის არის დაკავშირებული განვითარებასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობასთან, უსაფრთხოებასთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასთან და ა.შ. შესაბამისად, ალტერნატივა ამ არჩევანს არ აქვს. რაც შეეხება იმას, ჩვენ შევუერთდებით თუ არა ინიციატივას, ფრაქცია ეროვნული ფორუმის ხელმოწერა ამ ინიციატივაზე იქნება,”- განაცხადა ანი მიროტაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამ ინიციატივის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, როდესაც პარლამენტში შევიდა ნინო ბურჯანაძის განაცხადი კონსტიტუციაში საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ ჩანაწერის გაკეთების შესახებ.

უსუფაშვილის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულას უნდა დაემატოს ფრაზა:  “[საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა] დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.

გარდა “ეროვნული ფორუმისა”, ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს “თავისუფალმა დემოკრატებმაც“. “ქართულ ოცნებაში” კი დავით უსუფაშვილის წინადადებას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი უწოდეს და განაცხადეს, რომ ქვეყნის განვითარების კურსში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი