ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: თბილისმა ვერ გაიაზრა ტერიტორიული მთლიანობის დაშლის მიზეზი

12 აგვისტო, 2016 • 1689
რუსეთის საგარეო უწყება: თბილისმა ვერ გაიაზრა ტერიტორიული მთლიანობის დაშლის მიზეზი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 8 წლისთავისადმი გამოქვეყნებულ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებას განცხადებით ეხმაურება.

“კავკასიაში 2008 წლის კონფლიქტის წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი განცხადება რეალურად დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელსაც შეესაბამება ცნობილი აფორიზმი: “ისტორია მხოლოდ იმას გვასწავლის, რომ არაფერსაც არ გვასწავლის”.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურ თბილისს არ ეყო რვა წელი იმისთვის, რომ გაეაზრებინა ამჟამინდელი ოდესის გუბერნატორის მართული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაშლის ნამდვილი მიზეზი.

“ამასთან, უკვე დროა გაიაზრო, რომ არსებობს შეუქცევადი შედეგების მქონე პოლიტიკური გადაწყვეტილებები და 2008 წლის 8 აგვისტოს ღამით “გრადებით” მძინარე ცხინვალის დაბომბვა”.

განცხადებაში წერია, რომ რეალობა ასეთია: საქართველოს ყოფილი ტერიტორიის ნაწილზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო – აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არსებობს, რომლებიც დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საკუთარ შიდა და გარე პოლიტიკას.

“თუმცა ქართული ოფიციოზისთვის რეალობას მნიშვნელობა არ აქვს. გრძელდება დაუსრულებელი პროპაგანდისტული კლიშეების- “აგრესიის”, “ეთნიკური წმენდა” “ბორდერიზაცია” “ანექსია” “ოკუპაცია” ტირაჟირება. “ოკუპაციური რიტორიკა” პირველ რიგში შეურაცხმყოფელია აფხაზებისა და ოსებისთვის, რომლებთანაც თბილისი თითქოს შერიგებას ცდილობს”.

რუსეთის საგარეო უწყება განცხადებაში საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პროვოკაციულ და კონფრონტაციულ რიტორიკაზეც საუბრობს, რომელსაც ის საერთაშორისო მოედნებზე იყენებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 2016 წის 7 აგვისტოს გაავრცელა უწყებამ, წერია, რომ რუსეთი აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით.

მასალების გადაბეჭდვის წესი