ახალი ამბები

სამინისტრო: რუსეთის პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო მშვიდობიან პოლიტიკას მიუყვება

7 აგვისტო, 2016 • 1257
სამინისტრო: რუსეთის პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო მშვიდობიან პოლიტიკას მიუყვება

საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის შედეგად, კონფლიქტის ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმე რჩება, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს, 7 აგვისტოს გავრცელდა, წერია, რომ რუსეთი აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით.

სამინისტრო აცხადებს, რომ პრაქტიკად იქცა საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნებით გამაგრება, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოს მოქალაქეების გატაცებები და უკანონო დაკავებები. ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ საცხოვრებელ ადგილას უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას მაშინ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლია.

ამის მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოჰყავს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, თავისუფალი გადაადგილებისა და კერძო საკუთრების უფლებების შელახვა, რაც ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის რისკს ქმნის ოკუპირებულ რეგიონებში.

განცხადებაში აღნიშნულია რუსეთის მოქმედებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში მათი ინტეგრაციის გზით.

“რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას”, – წერია განცხადებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველო მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიურ ჩართულობას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, აცხადებს სამინისტრო.

“მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესს და მზადაა, საქართველოს ევროპული დღის წესრიგით გახსნილი შესაძლებლობები გაუზიაროს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას”, – წერია განცხადებაში.

სამინისტროს შეფასებით, რეგიონების ოკუპაციისა და უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების პირობებში, საქართველომ მოახერხა წარმატებისთვის მიეღწია დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რის წყალობითაც ის განუხრელად მიუყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

წერილის ბოლოს, საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი