სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 2 კანდიდატი – უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი (ხმების დაახლოებით 42% მიიღო პირველ ტურში) და სახალხო დამცველი დავით სანაკოევი (ხმების დაახლოებით 24% მიიღო პირველ ტურში). მას დაახლოებით ერთი პროცენტით ჩამორჩა სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი.
ცხინვალში გუშინ გამართულ არჩევნებში არ მონაწილეობდა ალა ჯიოევა, რომელმაც გასული წლის ნოემბერში გაიმარჯვა სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ამ არჩევნების შედეგები ცხინვალის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა და, შესაბამისად, განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტისთვის დაინიშნა. ჯიოევა 10 თებერვალს თვითინაუგურაციას აპირებდა, თუმცა 9 თებერვალს მის შტაბზე სამართალდამცავების მხრიდან შტურმი განხორციელდა, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო და ჰოსპიტალიზებული იქნა. ჯიოევა საავადმყოფოდან 24 მარტს გამოწერეს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯიოეევას ფაქტორმა მაინც დიდი ზეგავლენა იქონია 25 მარტის არჩევნების შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჯიოევა ამ არჩევნებს არალეგიტიმურს და უკანონოს უწოდებდა, მისი შტაბის ლიდერების დიდი ნაწილი თიბილოვს ეხმარებოდა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თიბილოვსა და ჯიოევას შორის ფარულ გარიგებას ჰქონოდა ადგილი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ლეონიდ თიბილოვმა პირველმა აღიარა ალა ჯიოევას გამარჯვება, დაგმო მასზე ძალადობა და გამარჯვების შემთხვევაში მასთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა. თიბილოვი დიდი უპირატესობით უკვე მეორე ტურშია.
ექსპერტების აზრით, ამომრჩეველი მაინც საპროტესტოდ იყო განწყობილი და ამიტომ მედოევმა საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. მედოევის გაპრეზიდენტება კრემლის მოხელეებს ყველაზე მეტად უნდოდათ. რაც შეეხება დავით სანაკოევს, მას ძირითადად არასამთავრობო სექტორი უჭერდა მხარს. მის მიმართ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოკოითის მემკვიდრედ ითვლებოდა.
ახლა ცხინვალში ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, რომელი კანდიდატისკენ წავა მედოევის ხმები. თვითონ მედოევს ჯერ არ გადაუწყვეტია, თიბილოვს დაუჭერს მხარს, თუ სანაკოევს. წინასაარჩევნო პერიოდში მედოევის და თიბილოვის შტაბებს შორის თითქმის მტრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, ამიტომ სანაკოევის მომხრეები ვარაუდობენ, რომ მედოევი სახალხო დამცველს დაუჭერს მხარს.
სანაკოევის შტაბის წარმომადგენელი დინა ალბოროვა ოპტიმისტურად არის განწყობილი, მისი აზრით, მთავარი ბრძოლა ახლა იწყება:
„მეორე ტურში რეალური ბრძოლა იქნება პრეზიდენტის სავარძლისთვის. იმედი გვაქვს, რომ მედოევის ხმები დავით სანაკოევის სასარგებლოდ წამოვა, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, რომ ელექტორატი არაპროგნოზირებადია იმიტომ, რომ წინასწარ გაკეთებული პროგნოზები ხშირად არ მართლდებოდა. მედოევი სანაკოევის მხარეს რომც გადმოვიდეს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ მთელი მისი ელექტორატი სანაკოევისთვის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს, ვნახოთ, მუშაობა აუცილებელია,“ – აცხადებს პოლიტოლოგი დინა ალბოროვა.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ყურადღებით აკვირდებოდა, მისი აზრით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან ადგილობრივმა საზოგადოებამ კარგად იცოდა კანდიდატების უკან რომელი კლანები იდგნენ. თიბილოვის გამარჯვება კი მასსა და კოკოითის კლანს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია.
„მეორე ტური საინტერესო იქნება, მედოევის ხალხი, ალბათ, უფრო სანაკოევს მისცემს ხმას, ვიდრე თიბილოვს. იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სანაკოევი მაინც ლიბერალი და ზომიერია, მიაჩნიათ, რომ მაინც კოკოითის გუნდიდანაა, ამიტომ სანაკოევის გაძლიერებით თვლიან, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება, თუ სანაკოევმა გაიმარჯვა. იმ შემთხვევაში, თუ თიბილოვი მოდის ხელისუფლებაში, სანაკოევის გუნდის, კლანის და დაჯგუფების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თიბილოვი მათ გადაუვლის და გაანადგურებს, ამიტომ მეორე ტურში უფრო გაძლიერდება სანაკოევის პოზიციები, რამდენად – ეს სხვა საკითხია. მე მაინც მგონია, რომ თიბილოვი გაიმარჯვებს, რადგან, როგორც ჩანს, მოსკოვს გამოუჩნდა ძლიერი ალტერნატივა კოკოითის მმართველობის სისტემის წინააღმდეგ. ეს არის უშიშროების კაცი. ეს არ არის პოლიტიკოსი და უფრო იოლი იქნება მასთან საერთო ენის გამონახვა. ამიტომ მოსკოვი გააძლიერებს თიბილოვის დაჯგუფებას,“ – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორე ტურში მაინც თიბილოვი გაიმარჯვებს, რადგან მან შეძლო და საპროტესტოდ განწყობილი ელექტორატი მიიმხრო. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში იგი ოსი ბიზნესმენის ალბერტ ჯუსოევის ბანკში მუშაობდა, ჯუსოევი კი დე ფაქტო რესპუბლიკაში კარგი ავტორიტეტით სარგებლობს, რადგან მან გაიყვანა ძაურიყაუ–ცხინვალის გაზსადენი. ჯუსოევს და კოკოითის სერიოზული დაპირისპირება ჰქონდათ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველმა ისევ კოკოითის წინააღმდეგ მისცა ხმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პრეზიდენტი და ნებისმიერ შემთხვევაში, ის კრემლიდან დანიშნული იქნება. თავად არჩევნებს კალანდაძემ მორიგი ფარსი უწოდა.
ექპერტები აცხადებენ, რომ 25 მარტის არჩევნებით დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი დაიძლია. კანდიდატები მზადებას მეორე ტურისთვის იწყებენ. აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასულ ლეონიდ თიბილოვს ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების კარგი გამოცდილება აქვს, იგი აგვისტოს ომამდე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაში იღებდა ხოლმე მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია, გამარჯვების შემთხვევაში მისი პოზიცია როგორი იქნება კონფლიქტის მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსების აზრით, იგი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს და ძირითადად კრემლზე იქნება დამოკიდებული.