ახალი ამბები

გერმანიის ახალი ინიციატივა ისლამისტი მებრძოლებისგან თავის დასაცავად

11 აგვისტო, 2016 • 1337
გერმანიის ახალი ინიციატივა ისლამისტი მებრძოლებისგან თავის დასაცავად

ახალი ანტიტერორისტული ინიციატივით, გერმანიაში მცხოვრები, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები დაკარგავენ გერმანიის მოქალაქეობას, თუკი საზღვარგარეთ ისლამურ სამხედრო დაჯგუფებებში გაერთიანდებიან. 

ამას გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, თომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ უცხოელი კრიმინალების დეპორტაციის პროცესიც დაჩქარდება. ასევე, პოლიციას დაემატება პერსონალი და მეტი სათვალთვალო მოწყობილობით აღიჭურვება.

შს მინისტრის რამდენიმე კოლეგა, რომლებიც ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენენ, ჰიჯაბის საჯარო სივრცეში ტარების აკრძალვის მომხრე იყო, თუმცა, “ბიბისის” ცნობით, შს მინისტრს არ აუკრძალავს საჯარო სივრცეში ჰიჯაბის ტარება. მისი თქმით, ეს პრობლემური იქნებოდა: “ვერ აკრძალავ ყველაფერს, რასაც ეწინააღმდეგები”, – განაცხადა მეზიერმა.

როგორც BBC წერს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ეს გადაწყვეტილება პასუხი იყო გერმანიაში გასულ თვეს განხორციელებულ ტერორისტული თავდასხმებზე ვურცბურგსა და ანსბახში. მათი ცნობით, ცოტა ხნის წინ საფრანგეთშიც გაჩნდა ინიციატივა, რომ ჯიჰადისტებისათვის საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოერთმიათ, მაგრამ ინიციატივამ პარლამენტამდე ვერ მიაღწია.

გერმანული მედია იტყობინება, რომ სოციალ-დემოკრატები, რომლებიც გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიასთან ერთად კოალიციაში ერთიანდებიან, ეწინააღმდეგებიან ამ ინიციატივას. მოქალაქეობის ჩამორთმევას არც “მწვანეები” ემხრობიან.

როგორც თომას დე მეზიერი ამბობს, საზღვარგარეთ ტერორისტულ დაჯგუფებებში მებრძოლებს გერმანიის მოქალაქეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოერთმევათ, თუ გერმანიასთან ერთად  სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც ექნებათ.

BBC-ის ცნობით, გერმანიაში მომხდარი რამდენიმე ტერორისტული აქტიდან 3 შემთხვევაში თავდამსხმელი ფსიქიკურად არასტაბილური იყო. იმის გამო, რომ მსგავსი შემთხვევებისაგან თავი დაიზღვიონ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივაა, ექიმებმა პოლიციას აცნობონ, თუკი შეამჩნევენ, რომ მათი პაციენტი, შესაძლოა, საშიში იყოს. 

გერმანიის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარემ, ფრენკ ულრიხ მოტგომერიმ ამის პასუხად განაცხადა, რომ პაციენტის კონფიდენციალობის დაცვა მისი პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას ნიშნავს და ადამიანის ძირითადი უფლებაა.

გერმანიის კონსტიტუციის თანახმად, ექიმების ვალდებულებაა, პატივი სცენ პაციენტების კონფიდენციალობას. კონფიდენციალობის დარღვევისათვის ექიმებს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მაღალი თანამდებობის მქონე ექიმებს შეხვდება და მათთან ერთად იმსჯელებს, როგორ შეიძლება გადასცენ პოლიციას პაციენტის შესახებ ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუკი იეჭვებენ, რომ ის შესაძლოა ტერორისტი იყოს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი