ახალი ამბები

გერმანიაში მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელის ოთახში ISIS-ის ხელნაკეთი დროშა იპოვეს

19 ივლისი, 2016 • 1749
გერმანიაში მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელის ოთახში ISIS-ის ხელნაკეთი დროშა იპოვეს

BBC-ის ცნობით, გერმანიის ქალაქ ვურცბურგისკენ მიმავალი მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელის საცხოვრებელ ოთახში ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) დროშა იპოვეს. თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ძალიან ადრეა, ითქვას, იყო თუ არა მოზარდი ტერორისტული დაჯგუფების წევრი.

18 ივლისს, თბილისის დროით 21:15-ზე, გერმანიის ქალაქ ვურცბურგში მიმავალ მატარებელზე თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი ჰონგ-კონგიდან, ერთი კი მსუბუქადაა დაზიანებული. მატარებელში მყოფი 14 ადამიანი კი შოკურ მდგომარეობაში იყო.

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის, იოაჰიმ ჰერმანის თქმით, თავდამსხმელი პოლიციელებმა გაქცევის მცდელობისას მოკლეს. ჰერმანისვე ცნობით, იგი 17 წლის ავღანელი ლტოლვილი იყო, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლომდებარე ქალაქ ოქსენფურტში ცხოვრობდა.

გერმანული მედიის ცნობით, შემთხვევის რამდენიმე მოწმემ თქვა, რომ თავდამსხმელმა არაბულად დაიძახა “ალაჰუ აკბარ” (ღმერთი დიდია).

მაისში მიუნხენის მახლობელ სარკინიგზო სადგურზე დანით თავდასხმის შედეგად ერთმა მამაკაცმა მოკლა ერთი და დააზიანა სამი ადამიანი. მოგვიანებით იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმისას მანაც წარმოთქვა არაბული სიტყვები – “ალაჰუ აკბარ” – მისი ე.წ “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირი არ დადასტურდა.

საინფორმაციო სააგენტო “ფრანს-პრესის” ცნობით, ISIS-თან დაკავშირებული სააგენტოს ინფორმაციით, თავდამსხმელი “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი