ახალი ამბები

ილია II: მაწუხებს, რომ თურქეთში ქართული ტაძრები თანდათან ინგრევა

24 მარტი, 2012 •
ილია II: მაწუხებს, რომ თურქეთში ქართული ტაძრები თანდათან ინგრევა

“ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი ქართული ტაძრები თანდათან ინგრევა და ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ გავაკეთოთ სათანადო რესტავრაცია”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 23 მარტს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

საქართველოსა და თურქეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებს შორის არსებული შეთანხმებით, თურქეთის ტერიტორიაზე იშხანისა და ოშკის რესტავრაცია ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობისა და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რეაბილიტაციის სანაცვლოდ მოხდება.

ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო, რომელმაც მიმდინარე წლის 9 თებერვალს ასეთი პირობა წაუყენა საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს:

“ვითხოვთ, უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე) მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა.”

შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს და თურქეთის ხელისუფლებას შორის ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკების დეტალებს გახდის ცნობილს, საზოგადოებისთვის ჯერ ხელმიუწვდომელია.

დიპლომატიურ კორპუსთან გუშინდელი შეხვედრის დროს საქართველოს პატრიარქმა ასევე განაცხადა, “ზოგიერთი არაკეთილისმსურველი უცხოეთში ავრცელებს ხმას, თითქოს საქართველოს ეკლესია ჩაგრავს უმცირესობებს”. ილია მეორეს თქმით, სინამდვილეში ეს ასე არ არის.

ელჩებთან შეხვედრის დროს პატრიარქმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკლესიის როლზე საქართველოს გამთლიანებისა და სულიერი და კულტურული ფასეულობების შენარჩუნების პროცესში.

ხვალ, 25 მარტს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნება. 1811 წელს დაკარგული ავტოკეფალიის აღდგენა საქართველოს ეკლესიამ 1917 წელს მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი