ახალი ამბები

რომელ პარტიებს აშუქებენ ტელევიზიები წინასაარჩევნოდ [ინფოგრაფიკა]

10 აგვისტო, 2016 • 1662
რომელ პარტიებს აშუქებენ ტელევიზიები წინასაარჩევნოდ [ინფოგრაფიკა]

“ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “თავისუფალი დემოკრატები” ის საარჩევნო სუბიექტები არიან, რომლებსაც ტელევიზიები ყველაზე მეტ საეთერო დროს უთმობენ, როგორც დღის განმავლობაში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში, ისე საუკეთესო დროს, ე.წ. პრაიმთაიმში.

ახალი კვლევა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ (GNCC) ჩაატარა, რომლის ფარგლებში ყველა- საერთო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის ტელევიზიის მონიტორინგი განხორციელდა.

ანგარიში შუალედურია და 2016 წლს 8 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშის მთავარი ნაწილი სამაუწყებლო კომპანიების მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დროის და მათი აქტივობების გაშუქების გაზომვას ეთმობა.

ტელეკომპანიების მიერ პარტიების აქტივობის გაშუქებისთვის დათმობილი დრო შეგიძლიათ იხილოთ ინტერაქტიულ ინფოგრაფიკაზე:


Create column charts

ეროვნული მაუწყებლების შემთხვევაში პირველ და მეორე ადგილზე დათმობილი დროის მიხედვით პარტია “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრობა” არიან, განსხვავებული სურათი გვხვდება ზოგიერთი რეგიონალური მაუწყებლის შემთხვევაში. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე განმარტავს, რომ დიდი სხვაობა პირველ და მეორე პარტიისთვის დათმობილ დროსა და სხვა პარტიებისთვის დათმობილ დროს შორის აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ მაუწყებელი არაბალანსირებულად აშუქებს წინასაარჩევნო პერიოდს:

“აქ საქმე გვაქვს თავად პარტიების აქტიურობასთან, მათ მიერ განხორციელებულ აქტოვობებთან  და შეხვედრებთან. მაუწყებელი ისეთ პარტიას ვერ დაუთმობს დროს, მით უმეტეს, ბევრს, რომელიც არ აქტიურობს”,- ამბობს მახარაძე.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ჩატარებული კვლევა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ის ყველაზე მოცულობითია იმ მედიამონიტორინგებს შორის, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ტარდება. კომისია აკვირდება ყველა მაუწყებელს, თან აკვირდება 24 საათის განმავლობაში და არა მხოლოდ პრაიმტიმის დროს. თუმცა ანგარიშში გამოყოფილი არ არის პირდაპირი და ირიბი გაშუქების ინდიკატორები, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლის მიერ რომელიმე საარჩევნო სუბიექტისთვის დათმობილ დროს კი ვიგებთ, მაგრამ ვერ ვიგებთ, ისინი თავად საუბრობენ საკუთარ თავზე, თუ მათზე სხვა პირები საუბრობენ:

“ვიგებთ, ზოგადად საუბრობენ თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტზე, მაგრამ ვერ ვიგებთ იმას, აძლევენ თუ არა მათ საკუთარი პოზიციის გამოთქმის საშუალებას, თუ მათზე საუბრობენ მესამე პირში. იმიტომ, რომ პირდაპირი და ირიბი გაშუქება არ არის გამოყოფილი. რომელი პოლიტიკური პარტიები არიან აქტუალური მედიაში, ამას ვიგებთ, მაგრამ ვერ ვიგებთ იმას, თუ როგორ აშუქებენ მათ”,- ამბობს“მედიის განვითარების ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი თამარ ხორბალაძე.

აღნიშნული კვლევა მხოლოდ რაოდენობრივია და კომისიას მაუწყებლების შინაარსობრივი მონიტორინგი არ ჩაუტარებია. როგორც ივა მახარაძე ამბობს, შინაარსობრივი მონიტორინგის ჩატარება დაგეგმილი იყო და დროსთან ერთად გვეცოდინებოდა ის ტონი, რომლითაც მაუწყებლები საარჩევნო სუბიექტებზე საუბრობენ, მაგრამ ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდი სხვა არჩევნებთან შედარებით დიდია და 4 თვეს მოიცავს, ამ არჩევნებზე ეს ვერ მოხერხდება:

“თქვენ იცით, რომ სხვადასხვა ორგანიზაცია ატარებს სხვადასხვა მედიამონიტორინგს და შეგიძლიათ, რომ ჩვენი შედეგები შეადაროთ მათ შინაარსობრივ შედეგებს და საკმაოდ საინტერესო სურათს მივიღებთ”,- განაცხადა მახარაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას, რომელიც 9 აგვისტოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გაიმართა.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ კარგია, როდესაც მოცემულია ყველა ინდიკატორი, რომელიც საშუალებას მოგცემს, მაუწყებლების განწყობა დაადგინო პოლიტიკური პარტიის მიმართ, თუმცა რაოდენობრივი კვლევაც იძლევა ანალიზის გაკეთების საშუალებას:

“ანგარიშს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ რიგ მაუწყებლებზე ძალიან მკვეთრი განსხვავებაა, თუ ვინ არის ის პირველი სამი სუბიექტი, რომელიც ყველაზე მეტად ჩანს ამ არხზე. თითოეულ მაუწყებელს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება, ის არჩევს რესპონდენტებს, თემას. თუ ერთ არხზე ვხედავთ, რომ, მაგალითად, პირველი სამი სუბიექტი არის სხვა და განსხვავებულ არხზე სხვა სუბიექტი, მაგ შემთხვევაში შენ შეგიძლია გააანალიზო, როგორი სარედაქციო პოლიტიკა აქვს არხს”,- ამბობს ძველიშვილი.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში პირველია. არჩევნებამდე სულ 6 ასეთი ანგარიში იქნება, რასაც საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება მოჰყვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი