ახალი ამბები

ჩრდილოკავკასიურ ჯიჰადისტურ დაჯგუფებათა გააქტიურების საფრთხე

9 აგვისტო, 2016 • 1639
ჩრდილოკავკასიურ ჯიჰადისტურ დაჯგუფებათა გააქტიურების საფრთხე

უკანასკნელ წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებულთა მოძრაობა მნიშვნელოვნად დასუსტდა. ჩეჩნეთში არსებული ჯიჰადისტური დაჯგუფებებიდან სულ რამდენიმე ათეული მებრძოლი შემორჩა, ყაბარდოს, ბალყარეთისა და ყარაჩაის ჯამაათები კი თითქმის განადგურებულია. ინგუშეთის შეიარაღებულ დაჯგუფებებს ოცდაათიოდე წევრი შემორჩა. დაღესტანში, რომელიც რეგიონული შეიარაღებული დაჯგუფებების ცენტრად მიიჩნევა, ჯამაათების მოქმედი წევრების რიცხვი, ჯამში, დაახლოებით ას ან ცოტა მეტ ადამიანს ითვლის. ჩრდილოეთ კავკასიის შეიარაღებული დაჯგუფებების უპრეცედენტო დასუსტების მიმანიშნებელია ის ფაქტიც, რომ ჯიჰადისტებმა კავკასიის ემირატის ახალი ემირის არჩევა ვერ შეძლეს. მას შემდეგ, რაც 2015 წლის აგვისტოში უკანასკნელი ემირი მაგომედ სულეიმანოვი მოკლეს, ფორმალური მმართველის გარეშე დარჩენილი ჯიჰადისტების წინააღმდეგობა გატყდა. და მაინც, დამარცხდა კი რეგიონული მეამბოხური მოძრაობა?

წინარე ისტორია: სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რუსეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ადგილობრივი ე.წ. “სილოვიკების” დახმარებით  გააძლიერეს ბრძოლა რეგიონული შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ. 2012-2013 წლებიდან მოსკოვმა რეგიონში სამი ახალი ტაქტიკური სვლა განახორციელა: პირველი – ძალოვნებმა დაიწყეს ამბოხებულების მხარდამჭერთა წინააღმდეგ წერტილოვანი დარტყმების განხორციელება. ეს მეტად საკამათო მიდგომა მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც მისი ეფექტურობა ჩეჩნეთის მეამბოხეთა წინააღმდეგ მებრძოლმა სახელმწიფო დანაყოფებმა დაამტკიცეს. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩეჩნეთში კადიროვის გასამხედროებულმა ფორმირებებმა ე.წ. “კადიროვცებმა” ამბოხებულთა ნათესავების წინააღმდეგ მასობრივ ძალადობას მიმართეს. დაიწყო დაუმორჩილებელი ამბოხებულების ოჯახის წევრების “იძულებით გაუჩინარება” ან სიკვდილით დასჯა. ჩეჩნები, რომლებიც ამბოხებულებს საცხოვრებლით, ინფორმაციით ან სხვადასხვა მასალით უზრუნველყოფდნენ, “კადიროვცების” და მათი ადგილობრივი ინფორმატორების სამიზნე ხდებოდნენ. ადგილობრივი ინფორმატორების ფუნქციას, როგორც წესი, “კადიროვცების” ნათესავები ასრულებდნენ. მსგავსი მეთოდები დაინერგა დაღესტანშიც. “იძულებითმა გაუჩინარებებმა”, რაც ასევე ამბოხებულთა ნათესავების და მხარდამჭერების წინააღმდეგ იყო მიმართული, დაღესტნამდეც მიაღწია. მკვლელობები რესპუბლიკაში განხორციელებული ე.წ. “ზაჩისტკის” (წმენდის) შემადგენელ ნაწილად იქცა. დაღესტანში, ჩეჩნეთის მსგავსად, ამბოხებულთა ოჯახების დისკრიმინაციასთან ერთად მათ სახლებსაც ანგრევდნენ. ისევე როგორც ჩეჩნეთში, დაღესტანშიც ამის გამო ბევრმა მებრძოლმა ჯამაათებში გაწევრიანებაზე უარი თქვა.

მეორე ტაქტიკური სვლა დაღესტანში მეამბოხეთა წინააღმდეგ ელიტური დანაყოფების განლაგებას ითვალისწინებდა. იქამდე ამბოხებულებთან ბრძოლის ტვირთი ადგილობრივ პოლიციას აწვა, რომელიც არაკომპეტენტურობითა და კორუფციით იყო ცნობილი. მათ მცრერიცხოვანი ანტიტერორისტული დანაყოფები ეხმარებოდნენ. 2010 წლის დასაწყისიდან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამბოხებულთა წინააღმდეგ რეგიონში, კერძოდ, დაღესტანში სწრაფი რეაგირების სპეციალური დანაყოფები (სობრ) გაგზავნა. მათ ზურგს უმაგრებდა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს რიცხობრივად გაზრდილი სპეციალური დანიშნულების მობილური ჯგუფები (ომონ). შედეგად მიიღეს უფრო შერჩევითი, მოქნილი და ეფექტური მოქმედება ტერორისტებისა და ამბოხებულების წინააღმდეგ.

მესამე ინოვაციური მეთოდი ამბოხებულთა ჯგუფებში ჯაშუშების ჩანერგვა იყო, რაც შესაძლებელი გახდა 2010-იანი წლების დასაწყისში, როცა ჯამაათებმა მასობრივად დაიწყეს თავიანთი რიგების ახალი წევრებით შევსება. მეამბოხეთა გავლენიანი ლიდერების – ჩეჩენი ძმების, ჰუსეინ და მუსლიმ გაკაევების მკვლელობა, რომელსაც ყაბარდო-ბალყარეთში თენგიზ გუკეტლოვის და ინგუშეთში არტურ გატაგაჟევის, ასევე დაღესტნისა და ჩრდილოეთ კავკასიის ემირის ალიაშხაბ კებეკოვის ლიკვიდაცია მოჰყვა, ხოლო 2013-2014 წლებში რამდენიმე ჯიჰადისტი მეთაურის განადგურება – ყველა ეს ოპერაცია ამბოხებულთა ჯგუფებში ჯაშუშების ეფექტური ჩანერგვის შედეგად მოხერხდა.

ასობით იმედგაცრუებული დაღესტნელი და სხვა ჩრდილოკავკასიელი “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) ჯიჰადისტური პროპაგანდის გავლენით სირიის ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს შეუერთდა. რუსულ სპეცსამსახურებს ამ პროცესის შეფერხება არ უცდიათ. ამ ფაქტმა ადრეული 2000-იანი წლებიდან მოყოლებული პირველად გამოიწვია ჩრდილოკავკასიურ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში მებრძოლების არნახული დეფიციტი და ხელი შეუწყო მათ დასუსტებას.

აღნიშნულ ტაქტიკურ სვლებს გარკვეული ხარვეზებიც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამბოხებულთა ნათესავების და მხარდამჭერების წინააღმდეგ მიტანილმა იერიშმა დაღესტანში მნიშვნელოვნად შეამცირა ადგილობრივ ჯამაათებში ახალწვეულთა რიცხვი, იმავდროულად წარმოქმნა შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ რადიკალიზებული მებრძოლების მეტად მოტივირებული კატეგორია, რომლებიც პირადი შურისძიების მიზნით უკან არაფერზე დაიხევდნენ. დღეს ამ პოტენციურ მებრძოლებს გამოცდილება და წვრთნა აკლიათ, მაგრამ შესაძლოა ეს გარემოება მომავალში შეიცვალოს.
მეორე ხარვეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ რუსეთის ელიტური დანაყოფები – ამბოხებულებისა და ტერორისტების წინააღმდეგ ეფექტურად მებრძოლი სპეციალური შეირაღებული რაზმები მცირე რაოდენობის იყვნენ. რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რაიონში წამოწყებულმა ჰიბრიდულმა ომმა ასობით ასეთი დანაყოფი ჩრდილოეთ კავკასიიდან უკრაინაში გადაისროლა და ეს მაშინვე დაეტყო ჩრდილოეთ კავკასიის “ფრონტს”.

ოფიციალური მოსკოვის სირიის კონფლიქტში ჩარევამ ხელისუფლებას აიძულა დონბასში განლაგებული ელიტური ქვედანაყოფები ასადის რეჟიმის დასახმარებლად გადაესროლა. ამან უკრაინაში ბრძოლების მასშტაბის შემცირება გამოიწვია. სანამ ჩრდილოკავკასიის ჯამაათებში მებრძოლთა რაოდენობა მცირდებოდა, ამბოხებულთა წინააღმდეგ მოქმედი სახელმწიფო დანაყოფები მათთან გამკლავებას ახერხებდნენ. თუმცა, თუ მდგომარეობა შეიცვლება, მცირერიცხოვან ელიტურ დანაყოფებს მოძლიერებულ ჯამაათებთან ბრძოლა გაუჭირდებათ. დღეს ამ დანაყოფების სიმცირის გამო ბრძოლის ტვირთი ისევ ადგილობრივი პოლიციის და რიცხობრივად მცირე სპეციალური დანიშნულების სამსახურებს აწვება. მეოთხე- ზოგიერთი ადგილობრივი ექსპერტის ინფორმაციით, დაღესტნის ჯამაათების ხელმძღვანელებმა ახალწვეულთა მიღების შედარებით შერჩევითი მეთოდები დანერგეს.

ბოლო დროს “ისლამური სახელმწიფოს” მიერ განცდილი რამდენიმე სამხედრო მარცხის გამო ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებში სირიაში ბრძოლის სურვილმა იკლო. განსაკუთრებით კი ერთ დროს იდეალიზებული, ძლევამოსილად წარმოჩენილი “ისლამური სახელმწიფოს” წევრობისგან იკავებენ თავს. მას შემდეგ, რაც ფართოდ გავრცელდა მოსაზრება ისლამური სახელმწიფოს დასუსტების შესახებ, ბევრი ჩრდილოკავკასიელისთვის “სირიულ ჯიჰადში” მონაწილეობა მიმზიდველი აღარ არის, ამიტომ შინ დარჩენას და ადგილობრივ წინააღმდეგობაში ჩართვას ამჯობინებენ. “ისლამური სახელმწიფოს” პოპულარული ლიდერის, ეთნიკურად ჩეჩენი ომარ შიშანის მკვლელობამ, რომელიც სიცოცხლეში ასობით ჩეჩენსა და ჩრდილოკავკასიელს იზიდავდა სირიაში საბრძოლველად, “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანების მსურველთა რიცხვი შეამცირა. ამ ფაქტის გამო 2015 წლის შემდეგ ოდნავ გაიზარდა მეამბოხეთა საქმიანობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით დაღესტანში. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით მნიშვნელოვნად დასუსტდა ჩრდილოკავკასიური მეამბოხე დაჯგუფებები, მაგრამ ისინი მაინც ავლენენ გააქტიურებისა და გადაჯგუფების პოტენციალს.

შეჯამება: ამ სტატიის მიზანი იმ მიზეზების მიმოხილვაა, რამაც 2013 წლისათვის ჩრდილოკავკასიური მეამბოხური ტალღის დრამატული დასუსტება გამოიწვია. სოჭის ზამთრის ოლიმპიადის წინ რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა ადგილობრივი “სილოვიკების” დახმარებით სამი ახალი, ტაქტიკური სვლა განახორციელა. პირველი – სამართალდამცავებმა დაიწყეს ამბოხებულთა ნათესავების და მხარდამჭერების შერჩევითი დასჯა, რამაც გარკვეულწილად შეამცირა იმ პოტენციურ მეამბოხეთა რაოდენობა, რომლებსაც თავიანთთი ნათესავების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება ამბოხებად არ უღირდათ. მეორე – ოფიციალურმა მოსკოვმა მეამბოხეთა წინააღმდეგ საბრძოლველად რეგიონში ელიტური დანაყოფების რაოდენობა გაზარდა, რამაც ადგილობრივ პოლიციასა და მცირერიცხოვან ანტიტერორისტულ დანაყოფებთან შედარებით მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. მესამე – ჯიჰადისტური დაჯგუფებებში ჯაშუშების ჩანერგვამ მათი ხელმძღვანელების განადგურება და რამდენიმე ჯიჰადისტური დაჯგუფების დაშლა გამოიწვია. მეოთხე – 2011-2012 წლებიდან მოყოლებული ასობით ჩრდილოკავკასიელი სირიაში გაემგზავრა და ადგილობრივ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში, განსაკუთრებით კი “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანდა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ფაქტორებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა ჩრდილო კავკასიის ამბოხება, მათ თან გვერდითი მოვლენებიც ახლდა. პირველი – სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების მიუხედავად, კონკრეტულად დაღესტანში ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები რადიკალური მიმართულების გახდა და პირადი ან ოჯახის წევრების გამო შურისძიების მიზნით რეგიონულ ჯამაათებში გაწევრიანდა. მეორე – რიცხობრივად მცირე, ელიტური სწრაფი რეაგირების ძალების აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში გადასროლით ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლა ისევ ადგილობრივ პოლიციას და  რესპუბლიკის მცირერიცხოვან სპეციალურ ანტიტერორისტულ დანაყოფებს დაეკისრა. მესამე – მიუხედავად იმისა, რომ ჯაშუშების ჩანერგვით მეამბოხეთა რამდენიმე ადგილობრივი ჯგუფის დაშლა მოხერხდა, ჩანერგვა სულ უფრო გაჭირდა, რადგან მეამბოხეთა ჯგუფებმა ახალი წევრების მიღების შერჩევითი პროცედურები შემოიღეს. მეოთხე – ჩრდილოკავკასიელებში სირიაში მოქმედი “ისლამურ სახელმწიფოსა” და სხვა ჯიჰადურ დაჯგუფებებში გაერთიანების მსურველთა რაოდენობამ იკლო. იმედგაცრუებულმა ადგილობრივმა ახალგაზრდობამ შუა აღმოსავლეთში გამგზავრებას ადგილობრივ ჯიჰადისტურ მოძრაობაში გაერთიანება ამჯობინა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საგრძნობი დასუსტების მიუხედავად, არსებობს ნიშნები იმისა, რომ ჩრდილოკავკასიური ჯიჰადისტური დაჯგუფებები ახლო მომავალში გამოცოცხლდნენ და გააქტიურდნენ.

ემილ სულეიმანოვი, კონფლიქტოლოგი, პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ემილ სულეიმანოვი, კონფლიქტოლოგი, პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი