ახალი ამბები | , ,

პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს

8 აგვისტო, 2016 | | 1473
პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც იმ სტრატეგიაზე იმუშავებს, სადაც ნატოში საქართველოს თავსებადობის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და აშშ-თან გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციისთვის საჭირო ამოცანები იქნება გაწერილი.

პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს, 8 აგვისტოს პრეზიდენტის სასახლეში შედგა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილიც. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრისას პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და NATO-სთან მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

13963027_610852429083034_2589546669072331198_o

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

“დღეს მქონდა მთავარსარდალთან ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშავოთ ერთობლივად, რათა ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამისთვის დავგეგმეთ სამუშაო ჯგუფის შექმნა. ეს ჯგუფი ინტენსიურად იმუშავებს სტრატეგიაზე, რომელსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას და ამ სტრატეგიაში გაწერილი იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აუცილებელია NATO-ში ჩვენი თავსებადობისთვის, აუცილებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციისთვის. ასე რომ, მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებები დავგეგმეთ და ამ ღონისძიებებს ფართო საზოგადოებას ძალიან ახლო მომავალში ერთობლივად წარვუდგენთ”, – ლევან იზორიას კომენტარს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცლებს. 

ლევან იზორიამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 აგვისტოს დაიკავა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერმინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი