ნეტგაზეთი | პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე პრეზიდენტის კონსულტანტად იმუშავებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე პრეზიდენტის კონსულტანტად იმუშავებს – Netgazeti

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე პრეზიდენტის კონსულტანტად იმუშავებს

ივა ჩიღვინაძე, რომელიც 2013 წელს ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს, პრეზიდენტის კონსულტანტად იმუშვებს.

“მისი უშუალო საქმე იქნება სწორედ ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა წინააღმდეგობით მოძრაობაში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იყო პოლიტიკურად დევნილი, სრულად აღდგეს საკუთარ უფლებებში“,-განაცახდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

დოლიძემ გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ფეისბუკპოსტს უპასუხა, სადაც დაწერა:

“მაინტერესებს, მართალია თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარგველაშვილმა თავის მრჩევლად ივა ჩიღვინაძე დანიშნა. ეს ის ჩიღვინაძეა, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი , ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა და რომელიც ბესელიამ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა”.

ამის საპასუხოდ დოლიძემ განაცხადა:

„თავის ჩვეულ სტილში ნაციონალური მოძრაობა, ამჯერად მტკნარი სიცრუით აგრძელებს უკვე მეორე წრეზე იმ ხალხის დევნას, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და რომელიც უკვე ერთხელ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ეს სამწუხარო რეალობა არის  ქართული ოცნების ხელისუფლების უნიათობის ბრალი ნაწილობრივ”.

ივა ჩიღვინაძე ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ–ერთი მსხვილი შემომწირველი იყო. ჩიღვინაძემ 2011 წლის 26 მაისს დააპატიმრეს. პოლიციის განცხადებით, ის ნინო ბურჯანაძის ესკორტის ორი მანქანიდან ერთ–ერთს მართავდა, რომელიც რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. შეჯახების დროს ერთი პოლიციელი გარდაიცვალა. ჩიღვინაძე 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

ივა ჩიღვინაძეს ფინანსური დავა ჰქონდა კაზინო “აჭარას” წინააღმდეგ, რომელიც 2013 წლის ივნისის თვეში მოიგო და “აჭარას” მის სასარგებლოდ დაახლოებით 2.4 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

მოგვიანებით, 2014 წლის მარტში ჩიღვინაძე პოლიციას კიდევ ერთხელ ჰყავდა დაკავებული, ამჯერად – იარაღის უკანონო ტარებისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი