ახალი ამბები

მინდია ჯანელიძე: წითელაშვილი არ ყოფილა არც ერთ საიდუმლო უბანზე

5 აგვისტო, 2016 • 1639
მინდია ჯანელიძე: წითელაშვილი არ ყოფილა არც ერთ საიდუმლო უბანზე

კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარემ მინდია ჯანელიძემ რუსთავი 2-თან საუბარში განმარტა, იყო თუ არა მისი თავდაცვის მინისტრობის დროს საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე შესული ტრისტან წითელაშვილი.

“ეს არის აბსურდული ბრალდება. ეს ჰგავს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას ვიდრე საქმეზე ლაპარაკს, ამიტომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ცოტა ძნელია. თუმცა ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არც ერთ საიდუმლო უბანზე და მეორე ბრალდება, რაც ჩემი მისამართით იყო, რომ თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა, ეს ასე არ ყოფილა. ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე გადაცდომა ჩაიდინა, ყველამ შესაბამისად აგო პასუხი. დანაშაულზე არ იყო საქმე, იყო გადაცდომაზე საქმე, ამ გადაცდომაზე აგო პასუხი იმ პირმა, ვინც ჩაიდინა ეს გადაცდომა. სარეჟიმო წესების დარღვევაა და ამ დარღვევაზე აგეს პასუხი”, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, სარეჟიმო წესები ისე დაირღვა და წითელაშვილი ისე დაუშვეს გარკვეულ ადგილებში, რომ ეს მასთან არ ყოფილა შეთანხმებული.

“პროკურატურას საქმე გადაეცემა მაშინ, როცა სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, ამ შემთხვევაში არ ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ვამბობ, იყო წესების დარღვევა, გადაცდომა და ამაზე შესაბამისად, გენინსპექციამ გააკეთა შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მინდია ჯანელიძის ბრძანებით ტრისტან წითელაშვილი დაუშვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებზე და ეს ინფორმაცია მიეწოდა რუსეთის სპეცსამსახურებს. აღნიშნულ ფაქტზე ამჟამად პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი