ახალი ამბები

იზორია: ჩემი ინფორმაციით, საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლება არ დარღვეულა

3 აგვისტო, 2016 • 1496
იზორია: ჩემი ინფორმაციით, საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლება არ დარღვეულა

თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე გარეშე პირის შესვლასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია საიდუმლო ობიექტს არ წარმოადგნედა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო პასუხს მისი თქმით, გამოძიება გასცემს:

“ჰქონდა თუ არა წითელაშვილს უფლება, მინდა გითხრათ, რომ, გენშტაბის ხელმძღვანელმა ამაზე კომენტარი გააკეთა, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას. იქედან გამომდინარე, რომ ახლა მიუკერძოებელი სტრუქტურა ატარებს გამოძიებას, ეს ინფორმაციაც რამდენად შეესაბამება სიმართლეს, სწორედ ამ გამოძიების შედეგად იქნება პასუხგაცემული”,- განაცხადა იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას აღნიშნა, რომ  ობიექტი, რომელზეც გარეშე პირი იმყოფებოდა არ არის  საიდუმლო ობიექტი, არამედ ჯარების ლოგისტიკის უზრუნველყოფის ობიექტი, თავად ტრისტან წითელაშვილიც ამბობს, რომ იგი თელეთის სასაწყობო ბაზაზე იმყოფებოდა. 

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, რუსეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. ამის შესახებ კალანდაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოსტსკრიპტუმთან ისაუბრა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელმაც უწყების მართვა მინდია ჯანელიძისგან გადაიბარა, განაცხადა, რომ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. პროკურატურამ კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროდან რაიმე ტიპის ინფორმაციის მიღება უარყო.  დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ახალმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებამ საგამოძიებო ორგანოს მასალები გუშინ, 2 აგვისტოს გადაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი