ახალი ამბები

პროკურატურა წითელაშვილის თავდაცვის ობიექტებზე შესვლაზე გამოძიებას არ დაიწყებს

25 აგვისტო, 2016 • 1815
პროკურატურა წითელაშვილის თავდაცვის ობიექტებზე შესვლაზე გამოძიებას არ დაიწყებს

საქართველოს პროკურატურამ ტრისტან წითელაშვილის სავარაუდოდ საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე შესვლის ფაქტზე მოკვლევა დაასრულა და სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიებას არ დაიწყებს. მათი განცხადებით, ობიექტებს, სადაც წითელაშვილი იმყოფებოდა, არ აქვს სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი.

“გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ მედიასაშუალებებში მოქალაქე ტრისტან წითელაშვილის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე უნებართვოდ შესვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს პროკურატურის მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომელთა შესწავლით დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2015 წლის 5 აპრილს დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ იმავე წლის 4 აპრილს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ მოქალაქე ტრისტან წითელაშვილი შესაბამისი ნებართვის გარეშე შეიყვანა თავდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დ.ებრალიძის 2015 წლის 15 ივნისის ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომის გამო) შესაბამისად, გოდერძი ორმოცაძე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე მომზადებული 2015 წლის 17 სექტემბრის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს. 2015 წლის 28 სექტემბერს დასრულდა სამსახურებრივი შემოწმება და მასალები ჩაბარდა თავდაცვის სამინისტროს არქივს. შემოწმების მასალები ან მასში მოყვანილი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში არ გადმოგზავნილა.

თავდაცვის სამინისტროდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებისა და პროკურატურის მიერ 2016 წლის 9 აგვისტოს გენერალური შტაბიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ობიექტებს, სადაც იმყოფებოდა მოქალაქე ტრისტან წითელაშვილი, არ ჰქონდა მინიჭებული სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი და აღნიშნულ ობიექტებზე შესვლის უფლება სათანადო ნებართვის შემთხვევაში ჰქონდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე დაშვების არმქონე პირებსაც.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ საბჭოს არ უმსჯელია კონკრეტული სამხედრო ობიექტების შესახებ. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ინფორმაციის განსაიდუმლოებას ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი. ეროვნული უშიშროების საბჭო არ არის სამხედრო ობიექტების გასაიდუმლოების კანონმდებლობით განსაზღვრული სუბიექტი.

ამრიგად, მედიით გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ 2015 წლის 5 აპრილიდან 2015 წლის 28 სექტემბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალების, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქართველოს პროკურატურის მიერ აღნიშნულ ფაქტზე არ იქნა დაწყებული გამოძიება.” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მინდია ჯანელიძის ბრძანებით ტრისტან წითელაშვილი დაუშვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებზე და ეს ინფორმაცია მიეწოდა რუსეთის სპეცსამსახურებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი არ ეთანხმება განცხადებებს იმის შესახებ, რომ საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლება არ დარღვეულა.

აღნიშნული თემის შესახებ ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი